პარასკევი, 29.03.2024, 09.57.31
მოგესალმები სტუმარი

მედიაკრიტიკა

                                                                  სამეცნიერო   ჟურნალი

სტატიების კატალოგი

მთავარი » სტატიები » N1(18)-2020

ციფრული რევოლუციის ეპოქაში

ციფრული რევოლუციის ეპოქაში

 

ნანა დოლიძე

კოპროდუქციის შესახებ ევროპული კონვენციის შექმნამდე 4 წლით ადრე, 1988 წელს ევროპის საბჭომ კინოინდუსტრიის მხარდაჭერის მიზნით სპეციალური ფონდი შექმნა, რომელსაც საქართველო 2011 წელს მიუერთდა და "ევრიმაჟის" (ევროპის საბჭოს ევროპული კინოს მხარდაჭერის ფონდი - „Eurimages") 36-ე წევრი ქვეყანა გახდა. 2012 წელს წარდგენილი ოთხი პროექტიდან კი სამმა პროექტმა აღნიშნული ფონდის დაფინანსება მოიპოვა. თუ კონვენცია საკანონმდებლო დონეზე არეგულირებს მხარეებს შორის არსებულ ურთიერთობებს, ევრიმაჟი მატერიალური წახალისების ფორმებს მიმართავს. ფონდის პრიორიტეტები ძირითადად სამ მიმართულებაზე ვრცელდება: ერთობლივი წარმოების ევროპული ფილმის, მისი დისტრიბუციისა და ციფრულ ფორმატში გადაყვანაზე. უპროცენტო კრედიტის მაქსიმალური ზღვარი 700.000 € და მის მოსაპოვებლად ფილმი ევროკონვენციით განსაზღვრულ ევროპული ფილმის კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს. კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი წარმოადგენს იმ სტრუქტურას, რომელიც ევროპული კონვენციის აღსრულებას არეგულირებს და ყველა ევროპულ ქვეყანაში, რომელთანაც ქართველი დამოუკიდებელი მწარმოებლები შედიან კოპროდუქციაში, არსებობს ანალოგიური სტრუქტურა.

2010 წელს საქართველო ,,აუდიოვიზუალური მემკვიდრეობის დაცვის შესახებ" ევროპულ კონვენციას შუერთდა (რომელიც 2001 წელს შეიქმნა). კონვენციის მიზანია დაიცვას მოძრავი გამოსახულება და უზრუნველყოს მისი კულტურული, სამეცნიერო, საგანმანათლებლო მიზნებისთვის გამოყენება. კონვენციაში ჩართული მხარეები აღიარებენ რომ მათი კინომემკვიდრეობა ევროპის კულტურული მემკვიდრეობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს და რომ სახელმწოებმა უნდა უზრუნველყონ, მათი შენახვისა და დაცვისათვის სათანადო პირობების შექმნა და მომავალი თაობებისათვის გადაცემა; საბჭოთა პერიოდში შექმნილი ქართული ფილმების საწყისი მასალა, ე.წ. ორიგინალი დღეს რუსეთის სახელმწიფო ფილმსაცავში ინახება და მის საკუთრებას წარმოადგენს. აღნიშნული ფილმების ასლების გარკვეული რაოდენობა კინოსტუდია „ქართულ ფილმშია" შენახული, თუმცა შენახვის არასათანადო პირობების გამო მათი დიდი ნაწილის გამოყენება პრაქტიკულად შეუძლებელია. აუდიოვიზუალური მემკვიდრეობის ნაწილი საქართველოს ეროვნულ არქივში, დოკუმენტური ფილმების სტუდიის „მემატიანეს" და საზოგადოებრივი მაუწყებლის არქივებშიც არის განთავსებული. საწყისი მასალების საერთო რაოდენობა 120 000 ყუთს აღემატება და ეროვნული არქივის გარდა არსად არ არის მათი სათანადო შენახვის პირობები დაცული, რაც ჩვენს ქვეყანას აუდიოვიზუალური მემკვიდრეობის გარეშე დარჩენის საფრთხის წინაშე აყენებს. მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა 2016 წელს, როდესაც საბჭოთა მემკვიდრეობის რუსეთიდან საქართველოში დაბრუნების პროცესი დაიწყო, რამაც კინოარქივის შექმნის აუცილებლობაც დააყენა დღის წესრიგში. პროექტის განხორციელება სახელმწიფოს მხრიდან აქტიური მხარდაჭერის გარეშე პრაქტიკულად შუძლებელია, ვინაიდან წინასწარი მონაცემებით არქივის დასაბრუნებლად საჭირო რესურსი 5 მილიონ დოლარს აღემატება და 7 წელიწადზეა გათვლილი. მხოლოდ სპეციალური სახელმწიფო პროგრამის შექმნის პირობებშია შესაძლებელი კინოარქივის შექმნა, აუცილებელი სარესტავრაციო სამუშაოების გატარება, მათი აციფვრისა და ერთიანი ელექტრონული ბაზის შექმნა. რაც საკანონმდებლო დონეზე აუდიოვიზუალური მემკვიდრეობის საწყისი მასალების დაცვას, მათთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებას და მის გამოყენებას უზრუნველყოფს. 1980 წელს იუნესკოს მიერ შემუშავდა რეკომენდაციები მოძრავი გამოსახულებების დაცვის და შენახვის თაობაზე, სადაც მკაფიოდ არის ხაზგასმული სახელმწიფოების მიერ დამატებითი ზომების მიღების აუცილებლობის, კულტურული მემკვიდრეობის ამ განსაკუთრებით ფაქიზი ნაწილის მოვლისა და მომავალი თაობებისთვის შესანახად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ, რომელთა დაცვა ისევე უნდა ხორციელდებოდეს, როგორც ქვეყნის კულტურული საგანძურის სხვა ძეგლები.

2001 წელს ევროპულმა კომისიამ სახელმწიფო მხარდაჭერის შეფასების კრიტერიუმები და ამავე კომისიის ინიციატივით 2005-2009 წლებში „მხარდაჭერის სახელმწიფო გეგმაც" («The State Aid Action Plan») შეიმუშავა, რომლის მიზანიც ევროკავშირის ქვეყნებისათვის სახელმწიფო დახმარების ფორმების შესწავლა, ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება იყო. ევროპული კინობაზრის კვლევის შედეგად, კინოინდუსტრიის განვითარებისათვის მნიშვნელოვან და აუცილებელ პირობად არაფინანსური ხელშეწყობის სისტემების გააქტიურება დასახელდა, პირველ რიგში საავტორო უფლებების დარეგულირება და ახალი მაყურებლის მოსაზიდად კინოფესტივალების გააქტიურება. საქართველოში ყოველწლიურად 10 საერთაშორისო კინოფესტივალი იმართება, მათ შორის: ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალები „ნიქოზი" და „თოფუზი", საერთაშორისო საბავშვო კინოფესტივალები „ჯიფონი" და „ოქროს პეპელა", სტუდენტური ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალი „ამირანი", ტელეოპერატორების საერთაშორისო კინოფესტივალი „ოქროს თვალი", მართლმადიდებლური ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალი „წმინდა ანდრიას ჯვარი", ბათუმის საავტორო ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალი, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი, დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალი „CinéDOC-Tbilisi" და ყოველი მათგანი ნაწილობრივი სახელმწიფო დაფინანსებით სარგებლობს.

კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადაიდგა 2015 წლის 24 თებერვალს, როდესაც საქართველო ევროკავშირის პროგრამის კრეატიული ევროპის წევრი გახდა, აღმოსავლეთ პარტნიორებს შორის ის ერთადერთი ხელმომწერი ქვეყანაა. შემოქმედებითი ევროპა ორ ქვეპროგრამად იყოფა — Culture (კულტურის მხარდაჭერის ქვეპროგრამა) და MEDIA (აუდიოვიზუალური სექტორის მხარდაჭერის ქვეპროგრამა „მედია"). 2015 წელსვე კინოფესტივალმა „CinéDOC-Tbilisi", რომელიც კავკასიის მასშტაბით ერთადერთი საერთაშორისო მასშტაბის დოკუმენტური ფილმების ფესტივალია, ფესტივალების ქვეპროგრამის ფარგლებში დამატებითი რესურსი მოიპოვა. „შემოქმედებითი ევროპა" ევროპული კინოს, კულტურისა და კრეატიული სექტორების მხარდასაჭერად შეიქმნა და მიზნად ისახავს მათი როლის გაზრდას ეკონომიკურ ზრდასა და სამუშაო ადგილების შექმნაში. 2014-2020 წლებზე გათვლილი 1,46 მილიარდი ევროს ბიუჯეტით, რომელიც კონკურსში გამარჯვებული პროექტების დაფინანსებას მოხმარდება. პროგრამა მხარს დაუჭერს ათასობით ხელოვანს, კულტურის, უდიოვიზუალური, საშემსრულებლო თუ გამომსახველობითი ხელოვნების, საგამომცემლო, კინო, ტელე, მუსიკის, კულტურული მემკვიდრეობისა და ვიდეოთამაშების ინდუსტრიის წარმომადგენლებს. [3] კულტურის სფეროში მოღვაწე პროფესიონალების მხრიდან, აღნიშნული პროგრამის შესაძლებლობები ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე გააზრებული და სწორედ ამ მიზანს ემსახურება სპეციალურად შექმნილი მედია სამსახური, რომელიც აუდიოვიზუალური სექტორის წარმომადგენლებს დამატებითი ფინანსური რესურსის მოპოვების შესაძლებლობასთან ერთად, საერთო ევროპულ სივრცეში მათი ინტეგრირების პროცესს შეუწყობს ხელს.

როგორც ევროკავშირი, ასევე ევროპის საბჭო კულტურას და კერძოდ კინემატოგრაფს განიხილავს არა მხოლოდ როგორც ევროპული ეკონომიკის განვითარების საშუალებას, არამედ როგორც ევროპული ერთიანობის იდეის გამომხატველს, რაც უპირველესად ქვეყნებს შორის თანაწარმოების სისტემების დახვეწაში ვლინდება. ევროპული კინოინდუსტრია საბაზრო ეკონომიკის საპირისპირო პრინციპებით ხელმძღვანელობს, სადაც კინოინდუსტრია არა მხოლოდ ნაციონალური, არამედ კონტინენტური პოლიტიკის ნაწილი ხდება. სწორედ ამიტომ, ევროპული ქვეყნების დიდმა ნაწილმა შეიმუშავა კინემატოგრაფის სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის საბჭოურისგან განსხვავებული მექანიზმები. განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტების განსაზღვრისას კი ყოველი ქვეყანა საკუთარი ფინანსური პოლიტიკიდან გამომდინარე შესაბამისი მეთოდების, ფორმების და მექანიზმების შემუშავებას ახდენს. ხელოვნებისა და მათ შორის კინემატოგრაფის დაფინანსება ევროპულ სახელმწიფოებში პირდაპირპროპორციულია საბიუჯეტო ურთიერთობების კუთხით სახელმწიფო მართვის ცენტრალიზაციის ხარისხთან. ბევრ ქვეყანაში საბიუჯეტო დაფინანსების პარალელურად, სახელმწიფო კინოსფეროს დაფინანსებას არასაბიუჯეტო ფონდებიდანაც ახორციელებს, რომელთა შექმნა კულტურის სფეროს „განსაკუთრებული მოთხოვნებით და ასევე ეროვნული ინტერესებით" არის ნაკარნახები (მაგ: ფინეთში, ნორვეგიაში, ირლანდიაში). ამგვარი ფონდები ტრადიციულად ნაციონალური ლატარეის, ლოტოსა თუ სპორტული ტოტალიზატორებიდან შემოსული სახსრებით ივსება. რაც შეეხება პირდაპირი, სახელმწიფო მხარდაჭერის ფორმას, მისი ყველაზე გავრცელებული მოდელი გრანტია, რომელიც შესაძლოა როგორც ორგანიზაციამ, ასევე კულტურის სფეროში მოღვაწე ცალკეულმა შემოქმედმაც მოიპოვოს. კინოინდუსტრიის დაფინანსებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ტელევიზია, სადაც სახელმწიფოს ჩართულობა უპირველესად კინემატოგრაფისტების და სატელევიზიო კომპანიების ურთიერთობების დარეგულირებაში ვლინდება. ევროკავშირის ყველა ქვეყანაში, როგორც სახელმწიფო ასევე კომერციული ტელეარხებისთვის განსაზღვრულია დაფინანსების პრინციპები, რასაც საჭიროებისამებრ სახელმწიფო უწევს კოორდინირებას. საფრანგეთი კლასიკური მაგალითია ე.წ. „კონტინენტური მოდელის", სადაც სახელმწიფო, როგორც საერთო ეროვნულ, ასევე რეგიონალურ დონეზე არა მხოლოდ აფინანსებს კულტურის დაწესებულებებს, არამედ მთელი კულტურული გარემოს ფორმირებას ახდენს. განვითარებული ევროპული ქვეყნების უმეტეს ნაწილში, კულტურის და ხელოვნების სფეროს საბიუჯეტო დაფინანსება უმთავრეს ფორმად რჩება. ევროკავშირში კულტურისა და კრეატიული სექტორების მთლიანი შიდა პროდუქტი 4.5%-ს, ხოლო სამუშაო ადგილების რაოდენობა 4%-ს აღწევს.

ევროპაში ყოველწლიურად 700-ზე მეტი ფილმი იწარმოება ( და ამ მიზნით წელიწადში დაახლოებით 2.5 მილიარდი დოლარის სუბსიდია გამოიყოფა). მათი უმრავლესობა სახელმწიფო დაფინანსებაზეა დამოკიდებული. სუბსიდია წარმოების ხარჯის დაახლოებით 80%-ს ფარავს, აქედან უდიდესი ნაწილი მოდის სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი ტელევიზიებისგან. 700 ევროპული ფილმიდან, მხოლოდ 10% შეიძლება იხილონ ქვეყნის ფარგლებს გარეთ, მიუხედავად არარენტაბელობისა ევროპული კინო სახელმწიფოებრივ მხარდაჭერას არ კარგავს და უფრო მეტიც მუდმივად ცდილობს იმ მექანიზმების შემუშავებას და დახვეწას, რომელიც კინოინდუსტრიის განვითარებას შეუწყობს ხელს. ევროპის 29 ქვეყანაში ჩატარებული კვლევის თანახმად ფილმების წარმატებას მათი ფესტივალებზე მონაწილეობა და მიღებული ჯილდოები უფრო განსაზღვრავდა, ვიდრე მაყურებელი. ევროპულ ფილმს არ ჰყავს იმდენი მაყურებელი, რომ საკმარისი შემოსავალი მიიღოს კინოინდუსტრიის შესანარჩუნებლად. როგორც ქართული, ასევე ევროპული ფილმების პროდიუსერები, დისტრიბუტორები და პრეზენტატორებიც სუბსიდიებზე არიან დამოკიდებულნი.

კინემატოგრაფის არსებობისა და განვითარებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მასზე სახელმწიფოებრივი ზრუნვის განხორციელება, ვინაიდან კინოსფეროში ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში მყოფი საბაზრო ეკონომიკური ურთიერობების და ამ ფონზე მსოფლიო კინოინდუსტრიაში მიმდინარე პროცესები: ერთის მხრივ ამერიკული კინოინდუსტრიის წამყვანი პოზიცია, ევროპულ კინოსივრცეში ინტეგრაციის სურვილი და გლობალიზაციის პირობებში ეროვნული კინოწარმოებისა და თვითმყოფადობის შენარჩუნება მრავალი გამოწვევის წინაშე აყენებს კინოსექტორს, რომელსაც ფილმწარმოებაში მიმდინარე „ციფრული რევოლუცია" ტექნოლოგიური შესაძლებლობების გაფართოვებასთან ერთად (წარმოებისა და დისტრიბუციის სფეროში), კინოგანათლების სფეროში შესაბამისი კვალიფიციური კადრების მომზადების აუცილებლობის წინაშე აყენებს. კინოწარმოების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერაზე საუბრისას, სპეციალისტებისა და კინომოყვარულების თვალსაზრისი ყოველთვის ორ ურთიერთსაპირისპირო ჯგუფად იყოფოდა, როგორც საქართელოში, ასევე დანარჩენ ევროპაშიც. ერთნი ამტკიცებენ რომ მხარდაჭერა აუცილებელია, მეორენი კი თავისუფალი ბაზრის პრინციპებითა და ჰოლივუდის გამოცდილებით აპელირებენ, რომ კინემატოგრაფმა საკუთარ თავზე თავადვე უნდა იზრუნოს. ორივე პოსტულატს ააქვს არსებობის უფლება, თუმცა მნიშვნელოვანია ალბათ გავითვალისწინოთ ის გარემოებები რომელშიც შეიქმნა, ჩამოყალიბდა და განვითარდა ქართული კინემატოგრაფი. გასული საუკუნის 90-ანი წლების მეორე ნახევარში სხვადასხვა ქვეყნებში კინოწარმოების კუთხით არსებული გამოცდილების შესწავლის საფუძველზე დღის წესრიგში დადგა იმგვარი კანონპროექტის მომზადება, რომელიც დაავალდებულებდა სახელმწიფოს, ფინანსური მხარდაჭერა გაეწია ქართული კინოსათვის. ამასთან, შექმნიდა იმგვარ სახელმწიფო კინოსტრუქუტრას, რაც ახალი დროების პირობებში, ქართველ კინემატოგრაფისტებს დასავლეთის პროდიუსერებთან, კინოფონდებთან და სხვადასხვა კინოსტრუქტურებთან ურთიერთობის შესაძლებლობას მისცემდა. 2000 წლის 5 დეკემბერს ხელი მოეწერა საქართველოს კანონს ეროვნული კინემატოგრაფის სახელმწოფო მხარდაჭერის შესახებ. შეიქმნა კინოწარმოების სისტემის სახელმწიფო რგოლი - ეროვნული კინოცენტრი, რომელიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან ფუნქციონირებს, მაგრამ ფართო ავტონომიური უფლებებით სარგებლობს. ეროვნული კინოცენტრი დაარსდა, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც ქართული კინოკულტურის დაცვა, მისი განვითარების ხელშეწყობა, სახელმწიფო მხარდაჭერისა და ამასთან დაკავშირებით წარმოდგენილ ურთიერთობათა კოორდინაცია დაევალა. ამ კანონის ერთ-ერთ ყველაზე საყურადღებო მომენტს გამოყოფილი სახსრების, საექსპერტო კომისიის მიერ, საკონკურსო წესით განაწილების პრინციპი წარმოადგენს. პროდიუსერს ეძლევა შესაძლებლობა ფილმის საერთო ბიუჯეტის 75% მოიპოვოს, თუმცა ის არ უნდა აღემატებოდეს უკეთეს შემთხვევაში 500 000 ლარს (რაც დღევანდელი კურსით დაახლოებით 207 000 $ შეადგენს), ამასთან აღნიშნული კანონის მე-13 მუხლის თანახმად განსაკუთრებული მნიშვნელობის პროექტის შემთხვევაში შესაძლებელია სახელმწიფო დაკვეთა განხორციელდეს და ფილმის წარმოება 100% - ით დაფინანსდეს, რის თაობაზეც გადაწყვეტილებას ეროვნული ცენტრის საექსპერტო კომისია იღებს.

კატეგორია: N1(18)-2020 | დაამატა: defaultNick (22.02.2020)
ნანახია: 367
სექციის კატეგორიები
მედიაკრიტიკა [4] N1-2014 [1] N2-2014 [1] N3-2014 [1]
N4-2014 [1] N1(5)-2015 [1] N2(6)-2015 [1] N3(7)-2015 [1]
N4(8)-2015 [1] N1(9)-2016 [1] N2(10)-2016 [1] N3(11)-2016 [1]
N1(12)-2017 [1] N2(13)-2017 [1] N3(14)-2017 [1] N1(15)-2018 [0]
N2(16)-2018 [1] N1(17)-2019 [1] N1(18)-2020 [1] N2(19)-2020 [0]
სტუდენტური გვერდი [4]
შესვლის ფორმა
ძებნა
სტატისტიკა

საავტორო უფლებები დაცულია
Copyright MyCorp © 2024 |