პარასკევი, 26.04.2024, 09.35.15
მოგესალმები სტუმარი

მედიაკრიტიკა

                                                                  სამეცნიერო   ჟურნალი

სტატიების კატალოგი

მთავარი » სტატიები » მედიაკრიტიკა

თანამედროვე აუდიოვიზუალური სექტორი

თანამედროვე აუდიოვიზუალური სექტორი

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და სხვა წყაროებიდან გამოყოფილი სახსრებით ეროვნული ფილმების წარმოებისა და გავრცელებისათვის ხელის შეწყობა, მსოფლიო კინოპროცესებში ქართული კინოს ინტეგრაცია, ქართული კინოს დაცვისა და განვითარების მიზნით შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების რეალიზაცია, კინოს დარგში საერთაშორისო კავშირების განვითარება, საერთაშორისო კინოორგანიზაციებში წარმომადგენლობის უზრუნველყოფა; ადგილობრივი კინოფესტივალებისა და სხვა კულტურული ღონისძიებების ჩატარების, აგრეთვე საერთაშორისო კინოფესტივალებში მონაწილეობის ხელშეწყობა, კინომემკვიდრეობის დაცვის, შენარჩუნების და მასზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა - ეს სწორედ ის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტებია, რომელზეც უნდა ვრცელდებოდეს სახელმწიფოებრივი მხარდაჭერა.

სივრცეში, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების კინოინდუსტრიებში მიმდინარე, მეტ-ნაკლებად ერთგვაროვანი პროცესების პარალელურად, გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან განსაკუთრებით აქტიური ხდება „ევროპული კინო". აღნიშნული ტერმინის ქვეშ კინემატოგრაფის ის განსაკუთრებული ტიპი იგულისხმება, რომელიც არა მხოლოდ ევროპის ტერიტორიაზე იწარმოება, ან ე.წ. ჰოლივუდურ პროდუქციას უპირისპირდება, არამედ ევროპული კონცეპტის მქონე, ევროპული სისტემების რეპრეზენტაციაში ჩართული საავტორო, ინტელექტუალური კინემატოგრაფი, კინო, რომლისთვისაც ევროპა და ევროპული არსებობს, როგორც თემა, პრობლემა და ღირებულებათა სისტემა.[2] ევროპული სივრცისადმი ინტერესს მხოლოდ გეოგრაფიული მდებარეობა, ეკონომიკური და სოციალური ფაქტორები არ განაპირობებს. საქართველო სრულად იზიარებს ევროპულ ღირებულებებს და ამდენად ეს გარემო წარმოადგენს მისთვის იმ ბუნებრივ, ჰარმონიულ ველს და კულტურულ სივრცეს, რომლისგანაც იძულებით იყო მოწყვეტილი ხანგრძლივი დროის განმავლობაში. თუ საბჭოთა მოდელი, მხოლოდ გეოგრაფიულად შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე მოქმედებდა, თანამედროვე ევროპული მოდელისთვის უპირველესი ამოცანა საზღვრების გახსნა და ნაციონალური კინოწარმოებების საერთო ევროპულ სივრცეში ინტეგრირებაა. ევროპული გამოცდილების გაზიარებით შექმნილი კინოს შესახებ კანონის მიღებასთან ერთად, უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი, რომელმაც დღევანდელი ქართული კინოს განვითარების ვექტორი განსაზღვრა კოპროდუქციის შესახებ ევროპის კონვენციასთან მიერთებაა, რომელიც საქართველოსთან მიმართებაში 2003 წლიდან ამოქმედდა ("კინემატოგრაფიულ კოპროდუქციაზე 1992 წლის 2 ოქტომბრის ევროპის კონვენცია”). ევროკავშირის შექმნამ და კონტინენტზე საზღვრების გახსნამ დაფინანსებაში სხვადასხვა ქვეყნების მონაწილეობამ ფილმებს ახალი „ევროპული ფილმის" სტატუსი განუსაზღვრა (ამ შემთხვევაში რთულია გამიჯნო 3-4-5 მონაწილე ქვეყნის პირობებში, საერთო „საკუთრების" კონკრეტული ეროვნული კუთვნილება). აღნიშნულ პროცესს, განვითარებული კინოინდუსტრიის მქონე ქვეყნების გაქირავებაში ამერიკული პროდუქციის აბსოლუტურმა დომინირებამ და ეროვნული კინოწარმოების გადარჩენის სურვილმა მისცა ბიძგი. ევროპულ ფონდებზე ხელმისაწვდომობის შედეგად კინოწარმოებაში ახალი ტენდენცია გამოიკვეთა, როდესაც ფილმი მონაწილე ქვეყნის ტერიტორიაზე ინარჩუნებს „ეროვნული ფილმის" სტატუსს და ამასთან წარმოადგენს წარმოებაში ჩართული ქვეყნების (სულ მცირე 2 ქვეყნის) საერთო პროდუქტს. კინოწარმოების დაფინანსება მაღალ რისკებს უკავშირდება (რასაც წარმოებაში რესურსის მცირე დროში გახარჯვა, ხოლო შემოსავლების მიღების 5-10 წელიწადზე გათვლა, რომლის მოცულობის პროგნოზირება რთულად არის შესაძლებელი) და კერძო სექტორის ჩართულობის გამოცდილება ქართულ კინოინდუსტრიაში მინიმალურია. კოპროდუქციის სტატუსის მქონე პროექტის დასრულების ალბათობა კი ყოველთვის მაღალია, ვინაიდან ფილმის ბიუჯეტი არ არის დამოკიდებული მხოლოდ ერთ ფინანსურ წყაროზე. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის კინოსექტორებთან თანამშრომლობა ფართოვდება და ღრმავდება. ქართული ფილმები სულ უფრო ხშირად მონაწილეობენ ევროპულ კინოფესტივალებში, ევროპელი ექსპერტები ატარებენ ტრენინგებს ქართველი კინემატოგაფისტებისთვის და უიარებენ გამოცდილებას. სწორედ ევროპა ითვლება ჩვენთვის თანაპროდუქციის ყველაზე მნიშვნელოვან ტერიტორიად.

საქართველოში კულტურის სფეროს დაფინანსება ქვეყნის ბიუჯეტის 1% არ აღემატება, ხოლო კინოინდუსტრიაზე კულტურის სფეროსთვის გამოყოფილი რესურსი 5-6%-მდე მერყეობს, რაც არა მხოლოდ ფილმწარმოებას, ასევე კინოგანათლებას, პოპულარიზაციას, გაქირავებას და მემკვიდრეობის დაცვას უნდა მოხმარდეს. 2001-16 წლებში ფილმწარმოებაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან გახარჯული რესურსი 25 406 719 ლარს შეადგენს (თუ დოლართან მიმართებაში წლიურ საშუალო კურსზე გადავიანგარიშებთ 13 861 368 მილიონ დოლარს შეადგენს) და ის 15 წლის განმავლობაში როგორც სრულმეტრაჟიან, ასევე მოკლემეტრაჟიან მხატვრულ, დოკუმენტურ და ანიმაციურ 200-მდე ფილმზე გადანაწილდა, 75%-ანი წილით. შედარებისთვის კი სხვა მონაცემებსაც მოვიშველიებ: თუ საქართველოში სრულმეტრაჟიანი ფილმის საშუალო ბიუჯეტი დაახლოებით 0,5 მილიონი დოლარია, ევროკავშირის ქვეყნებში საშუალო ბიუჯეტიანი ერთი ფილმის დაფინანსება 5,4 მილიონი დოლარიდან იწყება, ჰოლივუდში კი ერთ ფილმზე გაწეული საშუალო დანახარჯი 20 მილიონი დოლარია, რუსეთში საშუალო ბიუჯეტიანი ფილმის წარმოება 1-დან 3 მილიონ დოლარამდე მერყეობს.

როგორ ნაწილდება სახელმწიფო სუბსიდია, რომელმაც უნდა უზრუნველყოს არა მხოლოდ სრულმეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური, არამედ მოკლემეტრაჟიანი, ანიმაციის და კოპროდუქციის წარმოების ხელშეწყობაც? - ყოველწლიურად კინოცენტრის მიერ სხვადასხვა კატეგორიაში გამოცხადებული კონკურსის შედეგად გაცემული გრანტები 10 000-დან 500 000 ლარამდე მერყეობს და ძირითად საკონკურსო მიმართულებებთან ერთად, შესაძლოა სხვადასხვა დროს, განსხვავებული თემატიკის კონკურსიც ჩატარდეს. მაგალითისთვის:

მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის წარმოება დაახლოებით 50 000 ლარით ფინანსდება (5 პროექტი); სადიპლომო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ან ანიმაციური ფილმი 10 000 ლარით; სადებიუტო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი 150 000 ლარით (2 პროექტი); სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი 60 000 ლარით (5 პროექტი); სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის (2 პროექტი) და ქართულ-უცხოური ერთობლივი წარმოების სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის 500 000 ლარით (1 პროექტი).

კატეგორია: მედიაკრიტიკა | დაამატა: defaultNick (12.11.2018)
ნანახია: 332
სექციის კატეგორიები
მედიაკრიტიკა [4] N1-2014 [1] N2-2014 [1] N3-2014 [1]
N4-2014 [1] N1(5)-2015 [1] N2(6)-2015 [1] N3(7)-2015 [1]
N4(8)-2015 [1] N1(9)-2016 [1] N2(10)-2016 [1] N3(11)-2016 [1]
N1(12)-2017 [1] N2(13)-2017 [1] N3(14)-2017 [1] N1(15)-2018 [0]
N2(16)-2018 [1] N1(17)-2019 [1] N1(18)-2020 [1] N2(19)-2020 [0]
სტუდენტური გვერდი [4]
შესვლის ფორმა
ძებნა
სტატისტიკა

საავტორო უფლებები დაცულია
Copyright MyCorp © 2024 |