ხუთშაბათი, 25.04.2024, 07.25.42
მოგესალმები სტუმარი

მედიაკრიტიკა

                                                                  სამეცნიერო   ჟურნალი

სტატიების კატალოგი

მთავარი » სტატიები » N2(16)-2018

ტელედოკუმენტალისტიკა

                                          ტელედოკუმენტალისტიკა   

 

                                                                ნანა დოლიძე

 

ერთიანი სატელევიზიო სივრცის დეცენტრალიზაციის პროცესმა სახელმწიფო ტელემაუწყებლების ცენტრისგან დამოუკიდებელი ფორმები წარმოშვა და დროთა განმავლობაში მათი საზოგადოებრივ მაუწყებლებად  ფორმირების  სურვილი გააჩინა. სატელევიზიო  ფილმების  წარმოების ასევე ცენტრალიზებული ფორმა იმავე ტრანსფორმაციებს დაექვემდებარა  და ჩვენს სინამდვილეში მისი შემდგომი ბედი ფუნქციონირების შეწყვეტაში გამოვლინდა. სატელევიზიო ფილმების წარმოების პროცესი ცალკეულ მაუწყებელთა მიერ განხორციელებული მწირი პროექტებით  შემოიფარგლება, თუმცა მათი რაოდენობა იმდენად მცირეა, რომ საუბარი ქართულ ტელეფილმზე, როგორც მხატვრულ, ასევე დოკუმენტურ სახეობებზე დღეს  მტკივნეულ პრობლემათა რიგს განეკუთვნება.  ინტელექტუალური რესურსი, პროფესიული კადრები, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ფილმწარმოების მდიდარი ტრადიცია, ჟანრულ-თემატური, თუ სტილური მრავალფეროვნება, ის მემკვიდრეობაა, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის არქივს და მაყურებლის მეხსიერებას შემორჩა, თუმცა შემორჩა ასევე პროგრამულ პრიორიტეტებს, სადაც წლიდან-წლამდე გაწერილია და უცვლელად გადადის პუნქტი საპნის ოპერების მხატვრული და შემეცნებითი სატელევიზიო ფილმებით ჩანაცვლების თაობაზე, თანაც ადგილობრივი წარმოების ზრდის ტენდენციით. ასე იყო 2005-ში, 6-ში და დღემდე. არადა უკანასკნელი ორიათწლეული კინემატოგრაფისტებისათვის მდიდარი მასალაა რათა წინააღმდეგობრიობით სავსე სინამდვილე, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, თუ კულტურის სფეროში მომხდარი კატაკლიზმები, წაგებული ომები, ახალი თაობები და ახალი ურთიერთობები ასახონ.           

ახალი ქართული დოკუმენტალისტიკა-საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი პროექტი და სათაურიდან გამომდინარე ჩნდება იმედი, რომ თუნდაც მცირე მასშტაბით ტელევიზია ადგილობრივი ფილმწარმოების გაცოცხლებას შეუწყობს ხელს.  თუმცა პროექტის თემატიკა გამორჩეული მნიშვნელობის მქონე შენობა-ნაგებობების ისტორიას, ჩვენთვის კარგად ნაცნობი ობიექტების დანიშნულების უცნობი დეტალების გაცნობას ისახავს მიზნად.  არ ვიცი როგორ შეიძლება ეს ფილმები ახალი ქართული დოკუმენტალისტიკის პირველ მერცხლებად იქცნენ, როდესაც მათში არც თემატური, არც ჟანრული , არც სახვითი გადაწყვეტის ნოვაციებს ვაწყდებით. ცხოვრება მართლაც მშვენიერია და ამ ტელეგადაცემის სახელწოდება სამწუხაროდ ლაიტმოტივად გასდევს საზოგადოების სამსახურში მყოფ ტელევიზიას, რომლისთვისაც უცხოა შემინული შენობის მიღმა არსებული სინამდვილე, თავისი ტკივილითა და სიხარულით.  ადგილობრივი პროდუქციის ზრდის ტენდენციამ სამწუხაროდ მთელი ამ წლების განმავლობაში ტელემაყურებლისათვის შეუმჩნევლად ჩაიარა, თუ არ ჩავთვლით უოლტ დისნეის სტუდიასთან საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლობას ერთობლივ პროექტ-ტელესერიალზე ,,სულებთან მოჩურჩულე". ,,პირველი არხი და უოლტ დისნეი წარმოგიდგენთ "- გვაუწყებს ფილმის დასაწყისი  და ამასთან ხილულს ხდის საზოგადოებრივი მაუწყებელის ამბიციას .  თუმცა რელობა სხვაგვარია, ის  მხოლოდ წარმოგვიდგენს დისნეის  სტუდიაში  შექმნილ ფილმს, მიუხედავად იმისა რომ პრომოში სასურველი გამოაქვს და თანამონაწილეობაზე მიგვანიშნებს. შესაძლოა მშობლიურ ენასთან დაკავშირებული პრობლემები იწვევს ამგვარ გაუგებრობებს, თუმცა  საავტორო უფლებების კანონმდებლობისათვის ნაკლებ საინტერესოა გრამატიკული უზუსტობების უკიდეგანო პალიტრა. სამართლიანობისათვის ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პირველებს არც სხვა არხები ჩამორჩებიან. მაგალითად ,,კინოთმცოდნე" აკრიტიკებს თურმე ,,ნანუკას შოუს’’,  პრინციპში  სამწუხაროა რომ აღნიშნული პრომო რომელიც მთელი კვირის მანძილზე ტრიალებდა ეთერში, მასში მოყვანილი ჩვენი პროფესიული კვალიფიკაციის ახლებური ინტერპრეტაციით,  ყველა დანარჩენ ,,კინოთმცოდნესაც" გაუჩენს გაკრიტიკების სურვილს. ან კიდევ ,,მსოფლიოს წამყვანი ლიდერები გლობალური დათბობის პრობლემების განსახილველად იკრიბებიან’’- ჟურნალისტი კი მოგვიწოდებს რომ აღვშფოთდეთ, იმიტომ რომ თავად ამბობს,  რომ ,,აღშფოთებული ვარო’’ და კვლავდაკვლავ იმეორებს მეტი დამაჯერებლობისათვის, რათა მაყურებელს ბოლოსდაბოლოს მოთმინება ამოეწუროს და შესძახოს, რომ ,,აღშფოთებული’’ და ,,აღმაშფოთებელი’’ კი არა, ,,შეშფოთებული’’ და  ,,შემაშფოთებელია’’ სამყაროს ხვალინდელი დღე, ჩვენს სინამდვილეში კი დღევანდელიც, როგორც სატელევიზიო  ასევე  არსებული  რეალობა...

 

                   

 

                                                                

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

      

კატეგორია: N2(16)-2018 | დაამატა: defaultNick (27.06.2018)
ნანახია: 1805
სექციის კატეგორიები
მედიაკრიტიკა [4] N1-2014 [1] N2-2014 [1] N3-2014 [1]
N4-2014 [1] N1(5)-2015 [1] N2(6)-2015 [1] N3(7)-2015 [1]
N4(8)-2015 [1] N1(9)-2016 [1] N2(10)-2016 [1] N3(11)-2016 [1]
N1(12)-2017 [1] N2(13)-2017 [1] N3(14)-2017 [1] N1(15)-2018 [0]
N2(16)-2018 [1] N1(17)-2019 [1] N1(18)-2020 [1] N2(19)-2020 [0]
სტუდენტური გვერდი [4]
შესვლის ფორმა
ძებნა
სტატისტიკა

საავტორო უფლებები დაცულია
Copyright MyCorp © 2024 |