პარასკევი, 19.04.2024, 21.39.30
მოგესალმები სტუმარი

მედიაკრიტიკა

                                                                  სამეცნიერო   ჟურნალი

სტატიების კატალოგი

მთავარი » სტატიები » N1(5)-2015

საზოგადოებისათვის შექმნილი ტელევიზია
    
ნანა დოლიძე


   

საზოგადოებისათვის შექმნილი ტელევიზია
 

                                                            
„საზოგადოება ყიდულობს საკუთარ აზრებს, ისევე როგორც რძეს,

ვინაიდან ის იაფია,  ძროხის ყოლასთან შედარებით. თუმცა რძე აქ უმეტესად წყლისაგან შედგება"
 გ. შილერი    

   
    

    ტელევიზია საზოგადოებაზე მრავალფეროვენ მოსაზრებებს ყიდის, ამიტომაც მყიდველისათვის, ანუ ნებისმიერი საღადმოაზროვნე ადამიანისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჰქონდეს ის საინფორმაციო არხები, რომლებსაც ენდობა. მას შეუძლია ამ წყაროებზე დაყრდნობით თავადვე შეადგინოს საინფორმაციო სურათი და არ მოხვდეს თავსმოხვეულ მოსაზრებათა ტყვეობაში. XX საუკუნიდან დაწყებული დღემდე მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა განვითარებამ ცხადყო, რომ ყველაზე დიდი ნდობით საზოგადოებრივი მაუწყებელი გამოირჩევა. ვინაიდან, ის არამხოლოდ გართობის ფუნქციას ასრულებს, არამედ ინფორმაციის გავრცელების მნიშვნელოვან საშუალებას წარმოადგენს. განსაკუთრებით იზრდება მისი როლი კრიზისების დროს, ვინაიდან წინააღმდეგობებით გახლეჩილი საზოგადოებისათვის წებოს ფუნქციის შემსრულებელია. თუმცა, ჩვენს სინამდვილეში საზოგადოებრივი მაუწყებლის ფუნქციები, მიზნები, პროგრამული სტრატეგიები განსხვავებულ ელფერს იძენს.          სატელევიზიო კომპანიები დღეს საზოგადოებრივ, კერძო და სახელმწიფოებრივ კომპანიებად იყოფა. მე-20 საუკუნის 90-იანი წლებიდან  აღმოსავლეთ ევროპაში, ყოფილ საბჭოეთში მაუწყებლობის დეცენტრალიზაციის პროცესს, სახელმწიფო ტელევიზიების საზოგადოებრივ მაუწყებლებად გარდაქმნის პროცესი მოჰყვა, რაც თავისთავად გულისხმობს სამ უმთავრეს პრინციპს: საზოგადოებრივი ინტერესის დაკმაყოფილებას, საზოგადოების მხრიდან ფინანსირებას, საზოგადოებრივ კონტროლს, რომელიც ჩვენს შემთხვევაში სამეურვეო საბჭოს საშუალებით უნდა განხორციელდეს და უნდა გააჩნდეს სოციალურად ორიენტირებული პროგრამული პოლიტიკა. რომელსაც გლობალიზაციის პირობებში  შესაძლოა განსაკუთრებული ფუნქციაც დაეკისროს ეროვნული და კულტურული იდენტობის დაცვა და ეროვნული თვითმყოფადობის გამტკიცება. საზოგადოებრივი მაუწყებელი ცდილობს ევროპული საზოგადოებრივი მაუწყებელთა განვითარების გამოცდილება გაითვალისწინოს, რომელსაც თავის მხრივ 22 ძირეული პრინციპი ჩამოუყალიბდა დამოუკიდებელი  ფუნქციონირების ხელშესაწყობად. თუმცა, ფუნდამენტური პრინციპები - ცენზურის დაუშვებლობა, მართვის გამჭვირვალეობა, სახელმწიფო ორგანოების ჩაურევლობა სამეურვეო საბჭოს ფორმირებაში, მათი თავისუფლებისა და დამოუკიდებელი მოქმედების უზრუნველყოფა, პერსონალის დაცვა პოლიტიკური თუ სხვა სახის ზეწოლისაგან, ხელისუფლებისა და ოპოზიციის  თანაბრობის პრინციპი ტრანსლაციისას დროის გამოყოფის თვალსაზრისით და სხვა - ჩვენს სინამდვილეში, ეს პრინციპები არ მუშაობს. დასავლეთევროპული ქვეყნებისაგან განსხვავებით, ჩვენ ის ტრადიცია გვაქვს, რომლისგანაც განთავისუფლება, არც ისე იოლი აღმოჩნდა. შემუშავდა ახალი საკადრო პოლიტიკა, განისაზღვრა პროგრამული პრიორიტეტები, შეიქმნა სამეურვეო საბჭო, შეიცვალა მმართველობის ორგანო და მაუწყებელიც ჩაება „კონკურენტულ" გარემოში, სადაც ყოველთვის არსებობს ხიბლში ჩავარდნის საშიშროება დაიპყროს მრავალმილიონიანი აუდიტორია და კომერციულ არხებზე აპრობირებული სატელევიზიო ჟანრები ჩართოს სამაუწყებლო ორბიტაში. ტელესერიალების და გასართობი პროგრამების სიჭარბეც სწორედ ამ პრობლემის ერთგვარი გაგრძელებაა.    საბჭოური ტელევიზია, რომელიც დატვირთული იყო საზოგადოებრივ-დოკუმენტური, შემეცნებით-საგანმანათლებლო გადაცემებით, უმეტესწილად  პოლიტიკური შეფერილობით და გამეფებული იდეოლოგიის პროპაგანდით იყო გაჯერებული, განსაკუთრებით საინფორმაციო „ახალი ამბების" გამოშვებები, რომელიც ერთიდაიგივე მკაცრად განსაზღვრულ დროს გადიოდა ეთერში. 9 საათზე ცენტრალური საინფორმაციიო გადაცემა მთელ საბჭოთა სივრცეზე ვრცელდებოდა. მაყურებელი შეჩვეული იყო საინფორმაციო ერთფეროვნებას, სადაც ფაქტი არ წარმოადგენდა შეტყობინების ღერძს, რაც თანდათანობით უნდობლობის გაჩენას და პროპაგანდისადმი გულგრილ დამოკიდებულებას იწვევდა. თუმცა იდეოლოგები არც ცდილობდნენ შეეფუთათ საკუთარი მიზნები და საკომუნიკაციო საშუალებებს ინფორმაციისა და  პროპაგანდის საშუალებად ღიად აცხადებდნენ. თუ, არაკონკურენტულ გარემოში მაყურებელი გარანტირებული ფაქტორი იყო, დღეს აუცილებლებელი გახდა მაყურებლის მოსაზიდად, სწორება მომხდარიყო კერძო მაუწყებლების პროგრამირების სტილზე, ახალი ამბების სტრუქტურაზე, პერსონიფიცირებულ მაუწყებლობაზე, მასკულტურის ჟანრებზე. დიქტორის ფუნქციაც კორექტირებას დაექვემდებარა. ინტელექტუალური, საგანმანათლებლო, მასობრივი აუდიტორიისათვის რთულად აღსაქმელი გადაცემები სათავგადასავლო, მძაფრსიუჟეტიანი ფილმებით ტელესერიალებით, გასართობი  პროგრამებით, თოქ-შოუებით ჩანაცვლდა, სატელევიზიო თამაშებით, საინფორმაციო  გამოშვებათა სიხშირეც და ხანგრძლივობაც კორექტივებს დაექვემდებარა. მაუწყებლობამ ევროპული ტრადიციაც გაიზიარა და  გადაცემების ცალკეულ სტუდიებში მომზადების გამოცდილება დაამკვიდრა. დღეს მოქმედ მაუწყებელთა  შორის საზოგადოებრივი მაუწყებელი გამოირჩევა საკუთარი გადაცემების წარმოების მრავალფეროვნებით. დაახლოებით ოცამდე ახალი პროექტი, საინფორმაციო, გასართობი, შემეცნებითი. შეიცვალა და განახლდა სტუდიები, დაიხვეწა პრომოუშენი, რომელიც თვითრეკლამისა და ანონსირების მაქსიმალურად გამოყენების საშუალებას იძლევა. ძირითადი აქცენტები ცნობად ჟურნალისტურ სახეებზე და მათ საავტორო გადაცემებზე გაკეთდა. თუმცა, უმნიშვნელოვანესი სტრატეგია, რაც მაუწყებლობამ საზოგადოებას წარუდგინა, განწყობის არხად ტრანსფორმაციის სურვილი იყო. ბედნიერი ახალგაზრდობა, ბედნიერი მევენახე, მთამსვლელი, მეთევზე, გაღიმებული ოჯახი სარკისებურად ლოგოში არეკლილი საზოგადოების ყველა სოციალური ფენა, თუ ასაკობრივი კატეგორია. მაუწყებლის მესეჯად იქცა, რომ ის საზოგადოების ყველა ფენისა, თუ განსხვავებული სოციალური კატეგორიის სამსახურში ჩადგებოდა. თუმცა, მესიჯის საწინააღმდეგო პრომოუშენის შინაარსში ჩაიდო. მაყურებელი ვერ ხედავს შერჩეულ პრიორიტეტებში ქვეყნის რეალური მდგომარეობის ამსახველ სახე-სიმბოლოებს, ისევე როგორც ვერ ხედავს გაღიმებულ და გახარებულ მევენახეებს რეალურ ყოფაში, რომლებიც „სიცილ-კისკისით" ჩეხავენ საკუთარ ნაფოფინებ-ნალოლიავებ ვაზს. თუმცა, გახარებული სახეები ამაღლებული განწყობის შესაქმნელად არის და ამ მიზანს ემსახურება პროგრამულ ბადეში შესული ექვსი ტელესერიალი, „კაბარე ხუთი ვარსკვლავი", „ერისთავის სათვალე", „ცხოვრება მშვენიერია"-გადაცემის სახელწოდება, რომელიც არხის პროპაგანდისტულ ლაიტმოტივად ტრანსფორმირდა. მაუწყებლის პროგრამულ სტრატეგიაში, როგორც 2008  წლის , ასევე 2009-10 წლების სამომავლო გეგმებშიც ხაზგასმულია საეთერო დროში ახალი ამბებისათვის გამოყოფილი დროის ხვედრითი წილის შემცირება პროგრამული მაუწყებლობის სასარგებლოდ, ანუ ნაკლები ინფორმაცია ტელესერიალების განმეორებითი ეთერისათვის. თუ გავითვალისწინებთ საზოგადოებრივი მაუწყებლის უმთავრეს ფუნქციას საზოგადოების ინფორმირების თვალსაზრისით, რასაც მსოფლიო საზოგადოებრივი მაუწყებლები პრიორიტეტად განიხილავენ, მისთვის ნაკლებ პრიორიტეტულია. მაშინ, როდესაც იგივე BBC-ის თემატური საინფორმაციო მაუწყებელი, იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომლის 45%  საინფორმაციო პროგრამებს ეთმობა მოსახლეობის 80% - ნდობით სარგებლობს. საზოგადოებრივი მაუწყებელის საინფორმაციო პოლიტიკა გახდა სწორედ საზოგადოების პროტესტის საგანი, ვინაიდან მოწოდებული ინფორმაციისადმი უნდობლობის ხარისხი საკმაოდ მაღალია. ძირითადი„მუშაობა"  მიდისსწორედ  იმაზე,  თუ  რა  შეიძლებამოხვდეს  სატელევიზიო  ეთერში, ან  მოვლენის  რა  ნაწილისჩვენებაა  შესაძლებელი,  რათაერთიმხრივ   მიიღოსსწორედ  ის,  რაც  წამყვან  იდეოლოგიურ  მიმართულებას  არ  დაუპირისპირდება და მეორე  მხრივმაყურებელს  ინფორმირებულობის  განცდა  დაეუფლოს. მოვლენათა ტენდენციურმა ინტერპრეტაციამ, არაობიექტურობის ელემენტების გაჩენას შეუწყო ხელი. მკვეთრად პოლარიზებული საზოგადოება, ასევე მკვეთრად განსხვავებული სატელევიზიო სივრცეში მომუშავე ტელეარხებზე გადანაწილდა. პროპაგანდისტული პრიმიტივიზმი, შესაბამის ტექნოლოგიებში გათვითცნობიერებული მაყურებელი,  საზოგადოებრივი მაუწყებელობისადმი, როგორც ფსიქოლოგიურ ომში ჩაბმული მხარის მიმართ საბჭოური ტელევიზიისადმი დამოკიდებულების განცდის რეანიმირებას ახდენს.        დღევანდელი საინფორმაციო  „ახალი ამბების"  სამსახურები ყველა ნაციონალურ არხზე, ამ შემთხვევაში საზოგადოებრივი მაუწყებელი გამონაკლისს არ წარმოადგენს, ერთგვარ სახელისუფლებო პროდუქტად აღიქმება.  ის, იგივე ფუნქციებს ასრულებს, რასაც თავის დროზე „ვრემია", საბჭოური „მოამბე" და გერმანიაში „აქტუალური კამერა" ასრულებდა. თავისუფლების გამოცხადება საკმარისი არ ღმოჩნდა ჭეშმარიტი თავისუფლების მოსაპოვებლად, ამიტომაც დღის წესრიგში არა სატელევიზიო გადაცემების ხარისხობრივი ანალიზი, არამედ თავისუფლების ხარისხი დგება - როდესაც, იმ პოლიტიკური, მორალურ-ზნეობრივი ფასეულობების კრიტიკაა შეუძლებელი, რომელიც გამეფებულ პოლიტიკურ ხაზთან და  მის მიერ დამკვიდრებულ მორალურ კატეგორიებთან წინააღმდეგობაში მოდის.              9 აპრილიდან მოყოლებული დედაქალაქის ქუჩებში ათი-ათასობით ადამიანი ხელისუფლების მიმართ საკუთარი პროტესტის გამოსახატად გამოდის. ხელისუფლებისა და მისდამი კრიტიკულად განწყობილი საზოგადოების დაპირისპირება სატელევიზიო, ვირტუალურ სივრცეში ინაცვლებს. ტელევიზია ქმნის საზოგადოებრივ აზრს, პოლიტიკურ სიმპათიებსა თუ ანტიპათიებს, მანიპულირებს მაღალეფექტური საშუალებებით, მეთოდებითა, თუ ტექნოლოგიებით და ამ თვალსაზრისით სწორედ საზოგადოებრივი მაუწყებელი, გარკვეულწილად ანგარიშვალდებულია,  რომ საზოგადოების წინაშე ობიექტური რელობა  ასახოს. თუმცა, პროცესები საპირისპიროდ განვითარდა და ამუშავდა ძველი საბჭოური პროპაგანდისტული მანქანა, უკვე კარგად ნაცნობი და გაცვეთილი ტექნოლოგიებით, დაწყებული მნიშვნელოვანი ინფორმაციიდან ყურადღების გადატანის ტექნოლოგიით, კომპრომატების ომით, „რუსული ფულისა" და „აგენტების" იარლიყებით, არასასურველი რაკურსების გამოყენებით, ინფორმაციის მოწოდების ფრაგმენტულობის, პერსონალიზაციის საშუალებით, ანუ ყურადღების მობილიზებით არა მოვლენათა არსზე, არამედ მათ მატარებლებზე-პრეზიდენტზე, პოლიტოლოგებზე და ოპოზიციის წარმომადგენლებზე.         პროტესტის  მასობრიობა, სანახაობრიობა - რომელიც უმნიშვნელოვანეს წილად სწორედ ტელევიზიისთვის არის განკუთვნილი, ემოციური მუხტის შემცველია და ტელეეკრანზე ხილვისას გადამდები ეფექტი გააჩნია. ტელემაყურებლის გარეშე, სანახაობა კარგავს ზემოქმედების უნარს, ამიტომაც მანიპულირების საგნად იქცა  ათიათასობით შეკრებილი ადამიანის რაოდენობა. უმთავრესად რეპორტაჟები მიტინგიდან ამ პრინციპით იგებოდა. ორ ნაწილად გაყოფილ ეკრანზე პირველი კადრი დაცარიელებულ რუსთაველის პროსპექტს უჩვენებდა, თუმცა არა იმ „დროს", როდესაც მოქმედება ვითარდებოდა, არამედ მანამდე, სანამ ხალხი შეიკრიბებოდა. მეორე კადრი მიმდინარეს ასახავდა , თუმცა წინა პლანზე ჟურნალისტი გამოდიოდა და  ფონად მიმდინარე მოვლენა  ქმედითი აღქმის საგნად ვერ იქცეოდა. ერთის მხრივ მოვლენის ჩვენება, სადაც ფაქტის ხელშეუხებლობის პრინციპი უნდა იყოს დაცული და შემდეგი ეტაპი საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი მოვლენის ირგვლივ არსებული  პოზიციების შეპირისპირების საფუძველზე რეალური სურათის შექმნა  და თუ იდეოლოგიური მისაზრებების გამო ფაქტი ჩარევისა და მანიპულირების საგანი ხდება , ხოლო დებატების ფორმატი, პოლიტიკური თოქშოუ, თუ საგამოძიებო ჟურნალისტიკის ჟანრები ქრება ტელეეკრანიდან - ობიექტური სურათის შქმნის ალბათობა მცირდება.          გერმანელი პოლიტოლოგი ნ.ბოლცი აღნიშნავდა რომ „ის თუ რას წარმოადგენს ესა თუ ის მოვლენა, თუ პოლიტიკოსი-ამის გაგება, მხოლოდ მედია ინსცენირების  გარემოშია შესაძლებელი. ის , რაც რეალურად ხდება საზოგადოებრივ  მოვლენად მხოლოდ ასახვის შემდეგ იქცევა". ის, თუ როგორ ასახავს ესა თუ ის  მაუწყებელი, ამა თუ იმ მოვლენასა, თუ პოლიტიკოსის პორტრეტს, ჩვენს შემთხვევაში  გამეფებულ იდეოლოგიას დაექვემდებარა. (2003 წლის მოვლენების განვითარება მნიშვნელოვანწილად „რუსთავი 2"ის დამსახურებაა, როდესაც საზოგადოების მობილიზება სამართლიანობისთვის  ბრძოლის ლოზუნგით ხდებოდა). საკნებით მოფენილი ქალაქი, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის მასში განთავსებულ  თანამოქალაქეთა, თუ სწორედ პრომოში „გახარებულ მევენახეთა" შესახებ პრობლემური რეპორტაჟის თემად უნდა ქცეულიყო. თუმცა ნიუსების მთავარ თემად მაუწყებლისათვის ბნელ კუთხეში გასულ მოქალაქეთა შარვლის უბეებზე ჩასაფრება აღმოჩნდა, ესეც ალბათ განწყობის შესაქმნელად.  ომში დამარცხებული ქვეყნის, სოციალურ-ეკონომიკური სიდუხჭირით შეპყრობილი საზოგადოებისათვის განწყობის შექმნა, მაუწყებლის მხრიდან  ვირტუალურ გარემოში დარჩენის საფრთხეს  ქმნის, მაშინ როდესაც, იგივე პროპაგანდისტული მანქანის ამუშავება საზოგადოებისათვის უფრო სასარგებლო კუთხით შეიძლებოდა.  საინფორმაციო საზოგადოების პირობებში, სწორედ საინფორმაციო მაუწყებლობის ხარისხი განსაზღვრავს სატელევიზიო არხის აქტუალუბას, შეასაბამისად მის ყურებადობასაც. ინფორმაციის მოპოვებისა და გავრცელების თავისუფლება  ადამიანის კონსტიტუციური უფლებაა , რომელიც  საბჭოთა საქართველოს პირობებში შელახული და იგნორირებული იყო. ამ ტრადიციამ ახლებური შტრიხები შეიძინა, მოაქცია რა საბჭოური სულისკვეთება ევროპულ-ამერიკული მოდელის მხოლოდ ფორმისეულ ელემენტებში. არადა პასუხისმგებლობის გაცნობიერება, იმ საშიშროებას ხილულს გახდიდა, რაც საზოგადოების მიზანმიმართულმა გახლეჩამ შეიძლება გამოიწვიოს.  ჩვენი სატელევიზიო  სივრცე სავსეა  პარადოქსებით. გაჩნდა სატელევიზიო მმარ-თველობისა  და ფუნქციონირების ერთ მოდელში გაერთიანებული ურთიერთგამომრიცხავი მოდელი. ერთის მხრივ ტელეარხის გარეგნული ფორმა, რომელიც ევროპულ-ამერიკულ მოდელზეა ორიენტირებული და გარკვეულწილად მათგან იღებს სატელევიზიო მომსახურების  ამა თუ იმ ფორმებს, უფრო მეტიც, ხშირად სატელივიზიო გადაცემის ფორმატი პირდაპირი კოპირების გზით ჩნდება ტელეეთერში, ყოველგვარი ეროვნული   თავისებურების გათვალისწინების  გარეშე.  ჩვენს სატელევიზიო სივრცეში იშვიათად  ჩნდება ორიგინალუ-რობის კოდის მატარებელი  ქართული პროექტი (თუმცა აღნიშნული ცალკე კვლევის საგანია)  მეორეს მხრივ მმართველობის  ფორმა, სადაც საბჭოური ტრადიცია  ერთგვარად  გაცოცხლდა  და ახალი შტრიხებით გამდიდრდა. როდესაც  ესა თუ ის ტელეკომპანია კერძო საკუთრების  ფორმაა, თუმცა მასზე კონტროლი არა  მესაკუთრის,  არამედ  რეალურად სახელმწიფოში არსებული  მმართველობითი სტრუქტურის ხელშია, როდესაც მესაკუთრესთვის ძირითადი ორიენტირი არა საზოგადოებისთვის სამსახურია, რაც  პირდაპირპროპორციულია ტელეარხის ყურებადობასთან და შესაბამისად  მაღალი მოგების მიღებასთან, არამედ დამოუკიდებლობის  „ნებაყოფლობით" შეზღუდვაზეა  ორიენტირებული. ჩვენი სატელევიზიო ჟურნალისტიკა შორს არის დამოუკიდებლობისგან და უფრო მეტად, იმ პასუხისმგებლური პოზიციისგან, რომელიც ამ პროფესიის ადამიანების შემოქმედებითი მოღვაწეობის ამოსავალი უნდა იყოს. გამონაკლისი ტელეკომპანიების  „კავკასიისა" და  „მაესტროს"  მოღვაწეობაა, რომელმაც  ჟურნალისტური, მოქალაქეობრივი და ზნეობრივი პოზიციის დაცვა მოახერხა და შეძლო თავისუფალი მედიის სტატუსის, არა მხოლოდ მოპოვება არამედ, მისი შენარჩუნება  და საზოგადოების მოთხოვნათა  ნაწილობრივი დაკმაყოფილება. კიდევ ერთი პარადოქსი იკვეთება, როდესაცმაყურებელი ირჩევს  ტექნიკური  და ესთეტიკური პარამეტრებით  ნაკლები  შესაძლებლობების  მქონე ტელეარხებს, სწორედ  იმ  მიზეზით , რომ მათ  გათვითცნობიერებული  აქვთ, ის  ფუნქცია,  რომელიც  ტელევიზიამ  უნდაშეასრულოს.                   საზოგადოებრივი მაუწყებელის პროგრამულ სტრატეგიებში , როგორც ადრე , ისევე დღესაც  აღნიშნული რიგითი ადამიანის პრობლემების ამსახველი პროგრამების აუცილებლობა, ხელისუფლებაზე საზოგადოებრივი საზოგადოებრივი მონიტორინგის შინაარსის მატარებელი პუბლიცისტური საგამოძიებო პროგრამები და სიუჟეტები, სარედაქციო დამოუკიდებლობის, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის, საზოგადოებაში არსებული პლურალისტური მასაზრებების, დებატების აუცილებლობა. ეს ყველაფერი 2008 წელს მხოლოდ ქაღალდზე დეკლარირებული აღმოჩნდა და ასეთივე სულისკვეთება გრძელდება დღემდე.                    ქართულ სინამდვილეში საზოგადოებრივი მაუწყებელი მხოლოდ სახელწოდებაა, როგორც ჩანს ავტორიტარულ რეჟიმში გაჩენილი, გაზრდილი და გამოკვებილი მაუწყებელი საკუთარ ტრადიციას იოლად ვერ უღალატებს, ვინაიდან მისი თავისუფლება ხელისუფლების ნების პირდაპირპროპორციულია,  ამიტომაც ჩვენს წინაშე ორი საქართველოა, ერთ სატელევიზიო სივრცეში მოქცეული, ერთში 6 მაისს დატრიალებული მოვლენების შედეგად თავგატეხილი ადამიანების კადრების ფონზე წამყვანის ტექსტი უარყოფს დაშავებულთა შესახებ რაიმე ინფორმაციის არსებობას, სადაც მხოლოდ ხელისუფლების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობას გმობენ და მეორე საქართველო სადაც, დღეს მამისონის უღელტეხილის  ირგვლივ ბურუსით მოცული მოვლენების შესახებ კითხვები ჩნდება და სადაც 15 ივნისს ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობის გამო , პროტესტის ნიშნად ტელეკომპანიები წყვეტენ მაუწყებლობას.                        თანამედროვე ეტაპზე ჩვენ ვუყურებთ ჩანაცვლებას იმისა, რასაც პოლიტიკა ჰქვია, სიმბოლური პოლიტიკით, როდესაც პოლიტიკური პროცესები არა რაციონალური კრიტერიუმებით, არამედ მათი სანახაობრივი მიმზიდველობით ფასდება. შეტყობინებაზე ფსიქოლოგიური ოპერაციის განხორციელებით , ინფორმაციაზე კონტროლის დაწესებით, დეზინფორმაციის, ფაქტების გადაფარვის, შერჩევის, საინფორმაციო რაციონის განსაზღვრით, ხელისუფლებისათვის არასაჭირო ინფორმაციის მიჩუმათებით და  სინამდვილის ობიექტური სურათის სანაცვლოდ ვირტუალური რეალობის შექმნით, ჩვენი სატელევიზიო სივრცე დემოკრატიული ხმაურის პრინციპებს იყენებს, ხოლო იმ შეტყობინებას, რომლის გაჟონვასაც თავს ვერ დააღწევს მრავალრიცხოვანი ინფორმაციების დინებაში შეუმჩნეველ პოზიციაზე გადაისვრის. პოლიტიკის ტრანკვილიზატორად გადაქცევა, მხოლოდ გარკვეული დროით ახდენს საზოგადოების ლოიალობას ხელისუფლების მიმართ, თუ პრობლემა რეალურად არ წყდება, სიტუაცია ადრე, თუ გვიან მაინც შემოტრიალდება სოციო-ეკონომიკურ კრიზისად და მაშინ, მიუხედავად კომუნიკაციის საშუალებათა ძლევამოსილებისა, ობიექტურ რეალობასა და ვირტუალურ რეალობას შორის არსებული ნაპრალის შევსება შეუძლებელია, რაც მეტად არის სიმბოლური პოლიტიკის მექანიზმები ამოქმედებული, მით უფრო მძაფრია ადამიანებისათვის მწარე სინამდვილესთან შეჯახება.                     
 გამოყენებული ლიტერატურის სია:
1.    Техника дезинформации и обмана. Под ред. Я.Н. Засурского. М., «Мысль», 1978  
2.   Почепцов Г. Г. Психологические войны. М.:«Рефл-бук», К.: «Ваклер», 20003.             
3.   Основывоздействия СМИ   Дженнингз Брайант,Сузан Томпсон, "Вильяме  
4.  Efron E., The news twisters. New York, 1972.5.                  
5.   Г. Шиллер. Манипуляторы сознанием. — М., 1980           
6.  ინტერნეტ რესურსი:1.http://www.gpb.ge/ProgramPriorities.aspx?LanguageID=1                               

                         

 Regenerated traditions of the renewed "Public Broadcasting” During the period of its existence, the history of mass communication has approved,  that the forms of freedom and its control are historically changeable.  the recent years of telecast history clearly confirmed that the declaration of freedom is not sufficient for the achievement of real freedom.  It’s necessary to create the appropriate guarantee conditions, to ensure the realization of this right. Another issue refers to the obtaining of this right when the informative and communication means are existing as a form of private ownership. Though, there is an exception, which is called "First Channel”(,, Pirveli arxi"), the public broadcasting company created for a  good mood . Today, there are a lot of problematical aspects in the relationship between  TV channels and Society. The quality of freedom is the first and determinative

კატეგორია: N1(5)-2015 | დაამატა: defaultNick (08.01.2015)
ნანახია: 1960 | ტეგები: მანიპულირება, საზოგადოებრივი მაუწყებელი, ტელევიზია
სექციის კატეგორიები
მედიაკრიტიკა [4] N1-2014 [1] N2-2014 [1] N3-2014 [1]
N4-2014 [1] N1(5)-2015 [1] N2(6)-2015 [1] N3(7)-2015 [1]
N4(8)-2015 [1] N1(9)-2016 [1] N2(10)-2016 [1] N3(11)-2016 [1]
N1(12)-2017 [1] N2(13)-2017 [1] N3(14)-2017 [1] N1(15)-2018 [0]
N2(16)-2018 [1] N1(17)-2019 [1] N1(18)-2020 [1] N2(19)-2020 [0]
სტუდენტური გვერდი [4]
შესვლის ფორმა
ძებნა
სტატისტიკა

საავტორო უფლებები დაცულია
Copyright MyCorp © 2024 |