პარასკევი, 26.04.2024, 23.53.10
მოგესალმები სტუმარი

მედიაკრიტიკა

                                                                  სამეცნიერო   ჟურნალი

სტატიების კატალოგი

მთავარი » სტატიები » N2(13)-2017

საკომუნიკაციო საშუალებათა ტიპები

მასმედიის შესწავლის ისტორიიდან

ნანა დოლიძე

XX   საუკუნის   შუახანებში    ამერიკაში   საზოგადოებათმცოდნეობის ახალმა  სფერომ  დამოუკიდებელი აკადემიური  დისციპლინის სახით ჩამოყალიბება დაიწყო - მასობრივი კომუნიკაციების თეორია, ანუ კომუნიკატივისტიკა.  აღნიშნულ დისციპლინას  სინთეზური, ინტეგრაციული ბუნება გააჩნია, რომლის  თეორიული  საფუძვლების ფორმირებაში  მონაწილეობა  სოციოლოგებმა, პოლიტოლოგებმა, ეკონომისტებმა, კულტუროლოგებმა, ფილოლოგებმა, ფსიქოლოგებმა, ხელოვნებათმცოდნეებმა, ჟურნალისტებმა და განსხვავებული დისციპლინების წარმომადგენლებმა მიიღეს. განსაკუთრებულ  ინტერესს იწვევს  მთავარი  სოციოლოგიური მიმართულებების  თეორიული  კონცეფციები და ემპირიული  ძიებები, რაც  ახალი  სამეცნიერო დისციპლინის ჩამოყალიბების  საფუძველი  გახდა.  მის  ფუძემდებლებად  და  წარმომადგენლებად  გვევლინებიან უ. შრამი,  ჰ. ლასსუელი, პ. ლაზერსფელდი, რ. მერტონი, უ. რივერსი, ჟ. გერბნერი, გ. შილერი და სხვანი.

მასმედიისადმი  სოციოლოგიური მიდგომა  განისაზღვრა, როგორც საზოგადოებრივ  სისტემებთან  სტრუქტურულ-ფუნქციური ურთიერთკავშირების გამოხატვა, რაც გარანტირებულ თანაფარდობას იწვევს თავისუფლებასა და კონტროლს შორის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ მასმედიისა და საზოგადოების ურთიერთქმედების სისტემაში უმთავრესია ის წინააღმდეგობრივი ერთიანობა, რასაც ინფორმაციის თავისუფლება  და  კონტროლი ჰქვია. ამასთან, ინფორმაციის თავისუფლება ფართო ცნებაა და გულისხმობს როგორც საინფორმაციო მოღვაწეობის  თავისუფლებას, ასევე  მისი გავრცელების თავისუფლებას, ნებისმიერი  მოსაზრების, იდეის  გამოხატვის უფლებას და ადამიანის ბუნებრივ უფლებას თავისუფლად მოიპოვოს ნებისმიერი ინფორმაცია.

თუმცა  თავისუფლების  პრინციპები  და  ინფორმაციის  გავრცელებაზე  და  მიღებაზე  კონტროლი ყოველთვის  აზრთა სხვადასხვაობას  იწვევდა:  რა შეიძლება  გამოქვეყნდეს, ან რა შეიძლება  უჩვენო? რა დოზით არის დასაშვები სხვაგვარი აზროვნება? რა ფორმებში და საზღვრებშია დასაშვები  საზოგადოების მხრიდან ინფორმაციის  კონტროლი.  კამათი დიდი ხანია  გრძელდება  და  მათი  გადაწყვეტა  მხოლოდ  საკანონმდებლო  აქტებით,  შეუძლებელია. ინფორმაციის  თავისუფლების  გამოცხადება  საკმარისი  არ  არის, ვინაიდან უპირველესად, აუცილებელია  იმ  პირობების  შექმნა,  რაც  ამ  უფლების რეალიზების  გარანტიებს  იძლევა.

აღნიშნულ პრობლემათა ირგვლივ მიმდინარე დისკუსიებში სამი  პრინციპულად  განსხვავებული  პოზიცია  შეგვიძლია  დავასახელოთ:

I-სთვის  დამახასიათებელია  ხელისუფლების  თავისუფლების  ნებისმიერი შეზღუდვის  ფორმისადმი  ნეგატიური  დამოკიდებულება

II-ათვის პრინციპული  უარყოფა  თავისუფალი  ბაზრისა  და  ინფორმაციის  თავისუფალი  დინების  არსებობის  შესაძლებლობებისა

III-სათვის  ყველაზე  გაწონასწორებული  ე.წ. „აკადემიური  პოზიცია",  რომელიც არა მხოლოდ  თავისუფლებას  აღიარებს,  არამედ არამედ  კონტროლსა, როგორც  ისტორიულად  ცავალებად  ფორმებს, რომელიც თავის მხრივ მრავალ ფაქტორზეა  დამოკიდებული, უპირველესად კი მასობრივი  ინფორმაციების  საშუალებათა  საზოგადოებრივ  სტატუსზე.

მეცნიერები იმ აზრამდეც მივიდნენ,  რომ  მასობრივ  საინფორმაციო  საშუალებებზე კონტროლი  ნებისმიერი  სოციალური  სისტემისათვის  არის  დამახასიათებელი.  „რაც არ უნდა  ხმამაღლა  იყვირონ  თავისუფლების  კონსტიტუციურ მრწამსზე,  პრაქტიკაში  ყოველი  საზოგადოება  ზღუდავს  გამოხატვის  თავისუფლებას „-  წერდა უ. რივერსი  „ახალი ამბები ბეჭდურ  მაუწყებლობაში. აღწერა  და  შეტყობინება", რომელიც  ამერიკელი  ჟურნალისტებისათვის  ერთგვარ  სახელმძღვანელოდაც  იქცა, სადაც  ავტორი შეზღუდვათა     გარკვეულ  კატეგორიებზეც მიუთითებს,  მათ  შორის ისინი, რაც  ავტორების, გამომცემლების, მორალური  და  სახელმწიფოებრივი  მიდგომების,  საზოგადოებრივი  წესრიგის  პრინციპებით  განისაზღვრება.

სხვადასხვა  ქვეყნის  გამოცდილება  გვარწმუნებს, რომ  ამ  წინააღმდეგობათა  გადაუჭრელობას  დიდი ხნის  ისტორია  და  ამასთან, გლობალური  მასშტაბები  აქვს. განსხვავებულ ქვეყნებში  საკომუნიკაციო  ინსტიტუტების  ორგანიზებისა  და  მოღვაწეობის  ანალიზმა მეცნიერები  იმ  შედეგამდე  მიიყვანა,  რომ  თავისუფლების  ხარისხი  და  მისი  შეზღუდვის   ფორმები  დოზები  და და  მექანიზმები დამოკიდებულია  იმ  საბაზისისო  პრინციპებზე, რომელშიც  ფუნქციონირებან  მასობრივი  კომუნიკაციები -  კონკრეტულად კი თუ, როგორ  პოლიტიკურ-ეკონომიკურ,  სოციალურ-კულტურულ  და  ეროვნულ-სახელმწიფოებრივ  სისტემებში  უწევთ  არსებობა.

ამერიკელი  კომუნიკატივისტიკის   ძიებათა ამ ასპექტებს ყოველთვის ღირებული   მეთოდოლოგიური  მნიშვნელობა   ჰქონდა ამა თუ იმ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სისტემაში მასობრივი  ინფორმაციის  საშუალებათა  განვითარების  და  ფუნქციონირების  ტიპოლოგიური  მოდელების  შემუშავებისთვის. ეს  მოდელები  განიხილებოდა,  იმ ობიექტურ-გლობალური  კანონზომიერებებად, რომელებიც   მსოფლიოს  განსხვავებულ  რეგიონებში - ისტორიული  განვითარების იდენტურ  სტადიებზე მეორდებოდა.

     ამ  კანონზომიერებათა  შესწავლისას  უ.შრამი,  ფ. სიბერტი  და ტ. პიტერსონი  პირველები  ახდენენ  საზოგადოებრივი  სტატუსის  მიხედვით  საკომუნიკაციო საშუალებათა  ოთხ  ტიპად დაყოფას, რასაც  საფუძვლად  პოლიტიკური სისტემისა  და  საკუთრების  განსაზღვრული  ფორმა  დაედო:

        I -  ავტორიტარული -  რომელიც  მედიას  სახელმწიფო  პოლიტიკის  ინსტრუმენტად      განიხილავს.

II  -  ლიბერტარიანული  -  რომელიც  ინფორმაციის  საშუალებებზე  კერძო  საკუთრების  პრინციპს  განიხილავს,  იდეების, თავისუფალი  კონკურენციისა  და  პირადი  ინტერესების  პირობებში

III - სოციალურ - პასუხისმგებლიანი: დაფუძნებული  საზოგადოებრივ  აზრზე  და  ჟურნალისტების  პროფესიულ  ეთიკაზე.

IV -   საბჭოთა -  დამახასიათებელი იმ  ქვეყნებისათვის, სადაც წარმოების  ხერხები  სახელმწიფოს  საკუთრებააა  და  მკაცრი  იდეოლოგიური  მიმართულება  გააჩნია.

 
კატეგორია: N2(13)-2017 | დაამატა: defaultNick (18.05.2017)
ნანახია: 1930
სექციის კატეგორიები
მედიაკრიტიკა [4] N1-2014 [1] N2-2014 [1] N3-2014 [1]
N4-2014 [1] N1(5)-2015 [1] N2(6)-2015 [1] N3(7)-2015 [1]
N4(8)-2015 [1] N1(9)-2016 [1] N2(10)-2016 [1] N3(11)-2016 [1]
N1(12)-2017 [1] N2(13)-2017 [1] N3(14)-2017 [1] N1(15)-2018 [0]
N2(16)-2018 [1] N1(17)-2019 [1] N1(18)-2020 [1] N2(19)-2020 [0]
სტუდენტური გვერდი [4]
შესვლის ფორმა
ძებნა
სტატისტიკა

საავტორო უფლებები დაცულია
Copyright MyCorp © 2024 |