ხუთშაბათი, 28.03.2024, 13.21.15
მოგესალმები სტუმარი

მედიაკრიტიკა

                                                                  სამეცნიერო   ჟურნალი

სტატიების კატალოგი

მთავარი » სტატიები » N1(12)-2017

გებელსი და ტელევიზია - ნანა დოლიძე

 

                               გებელსი და ტელევიზია

                                                                          ნანა დოლიძე

 

 დიქტატურისთვის აუცილებელია სამი რამ: ადამიანი,  იდეა და თანმიმდევრულობა. ადამიანის არარსებობით - დიქტატურა უიმედოა, იდეის არქონით - შეუძლებელი,

ხოლო , თუ თანმიმდევრულობა არ არსებობს,  ამგვარი დიქტატურა , უბრალოდ წარუმატებელი ხუმრობაა." [1]

იოზეფ   გებელსი  (Reichspropagandaleiter)

 

 

ნაცისტური გერმანიის  იდეოლოგია შორს იდგა  „წარუმატებელი ხუმრობებისგან"...  ის , სრულად ითვალისწინებდა მთავარი იდეოლოგის,  გებელსის მიერ დასახელებულ ტრიადას. თითქმის, რვა ათეული წლის შემდეგ კვლავ ცოცხალი და აქტუალურია მანიპულირების ის ტექნოლოგიები, რომლებიც 30-ანი წლების გერმანიაში შეიქმნა და უფრო მეტიც ტექნოლოგიები, რომლებიც ცხრა წლის მანძილზე სატელევიზიო ეთერში თანმიმდევრულად იხვეწებოდა პროპაგანდისა და მანიპულირების  სახელმძღვანელო პრინციპებად იქცა, არა მხოლოდ სატელევიზიო მართვის ტოტალიტარულ მოდელში, არამედ თითქმის სხვა ყველა დანარჩენშიც წარმატებით იჩინა თავი.

გერმანიაში ტელევიზიისა და ფაშიზმის ერა თითქმის ერთდროულად დაიწყო.  1935 წლის 22 მარტს ოიგენ ხადამოვსკი (გებელსის, მიერ რადიოსა და ტელევიზიის სამსახურის უფროსად დანიშნული მესამე რაიხის პერიოდში)  პირდაპირ ეთერში მიმართვას უგზავნის ფიურერს, სადაც რეგულარული სატელევიზიო მაუწყებლობის შესახებ ატყობინებს:  „ჩვენო ფიურერო! დადგა საათი, როდესაც ჩვენ ნაციონალ-სოციალისტური ტელევიზიით, თქვენი სახე მრავალი გერმანელის გულამდე შეგვიძლია მივიყვანოთ".[2] ამგვარი, ხმამაღალი განცხადებების მიუხედავად, ნაცისტურ გერმანიაში ჯერ კიდევ ვერავინ ახერხებდა ტელევიზიის უპირატესობების მკვეთრ ფორმულირებას, შესაძლოა ამიტომაც იყო, რომ პირველ, საპრემიერო ტელეჩვენებებს არც გებელსი და არც ჰიტლერი არ დასწრებია. 1935 წლის აგვისტოში ბერლინის რადიოტექნოლოგიების გამოფენაზე მომხდარი მოკლე ჩართვის გამო, მსოფლიოში პირველი „ხმისა და გამოსახულების გადამცემი" სრულად განადგურდა, თუმცა, რამდენად უცნაური არ უნდა იყოს, სწორედ აქედან იწყება ტელევიზიის ახალი ერა. 1936 წლის 15 იანვარს ახალი გერმანული ტელემაუწყებლობა პომპეზურად გაიხსნა, გამოიცა ფიურერის „განკარგულება N2", რომლის თანახმადაც ამიერიდან ტელევიზია, თავად ბელადის ინტერესისა და ზრუნვის საგანი ხდებოდა. [3] 

ბერლინის ფედერალურ არქივს, რაიხის სახელმწიფო რადიოს შენობაში ათწლეულების განმავლობაში შენახული, საზოგადოებისათვის უცნობი 285 ყუთი,  კინოფირზე ასახული სატელევიზიო მასალა გადაეცა. მასალა რაიხის სახელმწიფო ტელეკომპანიის კუთვნილება იყო და ომის შემდეგ აღმოსავლეთ გერმანიის კინოარქივში მოხვდა. ნაწილი მასალისა დღეს დამუშავებულია, თუმცა, მხოლოდ მცირე ნაწილი, ვინაიდან დანარჩენი დღის სინათლეს, მხოლოდ 2044 წლისთვის იხილავს.[4] მსოფლიოში, არცერთი ქვეყნის ტელევიზიის ისტორიაში არ შემორჩენილა საარქივო მასალის იმგვარი რაოდენობა, როგორიც ნაცისტური გერმანიის პირობებში აღინუსხა და შენარჩუნდა, რასაც თავისი წინაპირობები გააჩნდა: უპირველესად კი სწორედ,  III რაიხის პირობებში შექმნილი იყო ე.წ სპეციალური ტელეგანყოფილება, რომლის უმთავრეს ამოცანას სატელევიზიო პროდუქციის კინოფირზე ჩაწერა წარმოადგენდა.  საგანგებო შერჩევის პრინციპით არავინ ხელმძღვანელობდა, ფირზე გადაჰქონდათ ყველაფერი, რაც ეთერში ხვდებოდა, ტელეეთერში კი ყველაფერი ხვდებოდა. პროგრამა მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა  - ათწუთიანი კვირის მიმოხილვები, აქტუალური კინოკადრები, მუსიკალური ნაწარმოებები, მსახიობების გამოსვლები, ნაწყვეტები მხატვრული ფილმებიდან. ძალიან მალე ხელისუფლებისათვის ნათელი გახდა ტელევიზიის შესაძლებლობები, როგორც მასირებული პროპაგანდის საუკეთესო საშუალებისა, რასაც მნიშვნელოვანწილად ხელი შეუწყო 1936 წლის ოლიმპიადამ.

„ვიზუალური სურათის უპირატესობა იმაში მდგომარეობს - განაცხადა გებელსმა - რომ აუდიო-ვიზუალურში ინდივიდუალური წარმოსახვის გზით გადადის, რასაც კონტროლს ვერ დაუქვემდებარებ, მაინც ყველა თავისას დაინახავს. ამიტომაც, თავიდანვე უნდა უჩვენო, ის რაც გინდა რომ ყველამ დაინახოს და თანაც ერთნაირად"[5] - მართლაც საპროგრამო სიტყვაა, ყველამ დაინახოს ერთიდაიგივე და ის, რაც საჭიროა. ამიტომაც ვერმახტი, თავად ხელმძღვანელობდა და მართავდა სატელევიზიო სიგნალს. ტელევიზია სახელმწიფო ზრუნვის საგანი იყო და თავიდანვე მართული, მასობრიობა კი უმნიშვნელოვანესი საზომი იდეის განსახორციელებლად.

ტელეჩვენებებისათვის სპეციალიზირებული „სატელევიზიო ოთახები" მოეწყო, რომლებიც „ტელეფუნკენებით" იყო აღჭურვილი. დასწრება კი უფასო იყო, თუმცა ამგვარი ღონისძიებები მასების კონტროლისათვის არასაკმარისად გამოიყურებოდა. ჰიტლერს წარედგინა დოკუმენტი სახელწოდებით „ყველა გერმანელი ოჯახის  სახალხო ტელემიმღებების აღჭურვის შესახებ". პროპაგანდის სამინისტროში კი, ტელევიზიის უმთავრესი ფუნქცია დააზუსტეს „ტელევიზიამ ხალხზე ზემოქმედების ყველა საშუალება  უნდა გამოიყენოს". გებელსის აზრით გასართობი პროგრამები და მხატვრული ფილმები წარმოადგენდნენ სწორედ იდეოლოგიური გზავნილებისათვის საუკეთესო საშუალებას. ამიტომაც,  მაშინდელი ეთერის 75%-ს გასართობი პროგრამების წილზე მოდიოდა, 25% კი საინფორმაციო პროპაგანდაზე.[6] თუმცა, უმთავრესი პროგრამულ სტრატეგიაში გართობასა და პროპაგანდას შორის მოჩვენებითი, მყიფე საზღვრების შენარჩუნება იყო.

პარტიული ყრილობების პათეტიკა, მარშირება ვაგნერის თანხლებით, მაყურებლის საყვარელ სანახაობად იქცა. ეთერი ასწავლიდა მორჩიილებას, ბედისწერისადმი რწმენას, ფიურერის სიყვარულს, სიმტკიცეს და სხვას, რითაც გაჯერებული იყო არა მხოლოდ დოკუმენტური რეპორტაჟები, არამედ ყველა ჟანრის სატელევიზიო პროდუქტი, დაწყებული დილის გამამხნევებელი ვარჯიშიდან, დასრულებული ფიურერის სიტყვის პირდაპირ ეთერში დემონსტრირებით.

გერმანული ტელევიზიის პროგრამა მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა და რამდენადაც პარადოქსულად არ უნდა ჟღერდეს თანამედროვე ტელევიზიის ჟანრული პალიტრა, სრულად იყო წარმოდგენილი. მათ შორის ჩნდება პირველი თოქ-შოუ, როდესაც სტუდიაში იმ დროისათვის ცნობილი მსახიობები იკრიბებიან და  ჟურნალისტის შეკითხვაზე „-მართლა კოცნიან თუ არა ისინი სცენაზე ერთმანეთს" ცხარე დებატები იმართება (თუმცა, რამოდენიმე წლის შემდეგ, ამგვარი თემები მკაცრ ცენზურას დაექვემდებარა), ასევე „ კრიმინალური პოლიცია თქვენ გიცავთ" - გადაცემა, რომელიც დამნაშავეთა ძიებისა და დაკავების შესახებ ავრცელებდა  ინფორმაციას, რა თქმა უნდა გესტაპოს ზედამხედველობის ქვეშ, ვოდევილის სცენებით გაჯერებული ნაცისტური სიმღერები  ფიურერზე, ეს-ეს-ზე. განსაკუთრებით საინტერესოდ გამოიყურებოდა შვანენბერგის საპატარძლოების სკოლაზე მომზადებული რეპორტაჟები, სადაც არიელი ქალბატონები მაღალი რასის მამაკაცებისათვის ღირსეული მეუღლეობის გასაწევად  ინსტრუქტაჟს გადიოდნენ, ეუფლებოდნენ საოჯახო მეურნეობის წარმოების ოსტატობას. მაგ: ლარნაკში ყვავილების მოთავსების, სადილების მომზადების, თოჯინების დახმარებით ბავშვებისათვის საფენების გამოცვლის უნარჩვევებს  და ასევე საოჯახო საღამოების  დაგეგმვის იდილიურ სურათს ხატავდნენ. ერთი შეხედვით დოკუმენტური პროგრამები მოვლენების რეალისტურ ასახვაზე აცხადებდნენ პრეტენზიას, თუმცა კი, სინამდვილეში სრულ ფაბრიკაციას წარმოადგენდნენ. ამ პრინციპს იზიარებდა ფრიც იანეკეც (გერმანული ტელევიზიის ერთ-ერთი პირველი რეპორტიორი), რომელიც უბრალო ადამიანებზე ამზადებდა რეპორტაჟებს  მათ შორის: მეთევზეებზე, გლეხებზე, ცხენოსნებზე -  თუმცა პათეტიურობა და ხელოვნურობა გასდევდა ყველა კადრს და ყველა წარმოთქმულ სიტყვას. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა გადაცემა „ბაღი სახურავზე". ბაღი სტუდიის სახურავზე იყო მოწყობილი და გერმანელი მშრომელების შინაარსიანი დასვენების ადგილს წარმოადგენდა. პოპულარობით სარგებლობდა ასევე მომსახურების სფეროზე შექმნილი ტელეგადაცემები, მაგ: კოსმეტოლოგიის კაბინეტში კანის სტრუქტურაზე და მისი მოვლის წესებზე პროფესიონალი კოსმეტოლოგები რჩევებს იძლეოდნენ, ან კიდევ „ცხრა კვირიანი დასაქმების პროგრამა  დალაქებისათვის", სადაც ვადის ამოწურის შემდეგ, მონაწილეებს საბოლოო შედეგი - ვარცხნილობა ფართო აუდიტორიისათვის  უნდა წარედგინათ სატელევიზიო ეთერში. პარალელურად, იქმნებოდა გერმანელი ქალის სტერეოტიპი, რომელიც საოჯახო მეურნეობის, ბავშვების აღზრდითა და მეუღლეზე ზრუნვით შემოიფარგლებოდა. ე.წ. საგანმანათლებლო პროგრამებიც  მკვეთრად იდეოლოგიზირებული იყო და პროპაგანდისტულ ელფერს ატარებდა. მაგ: გადაცემა „მებაღეობის სიხარული", რომლის მიზანი საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის მოქალაქის სამაგალითო ქცევის ნიმუშებს დეკლარირებდა: მამაკაცები ქმნიან სოფლის მეურნეობის პროდუქტს, ქალები კი ზრუნავენ სპეციალურად გამოყოფილ ხის კასრებში საჭმლის ნარჩენების შეგროვებაზე, რაც თავის-მხრივ გერმანული არმიის ჯარისკაცებისათვის საზრდელი ღორების გამოსაკვებად უნდა გამოყენებულიყო.

მოქალაქე სახელმწიფოსთვის და სახელმწიფო მოქალაქისათვის - ეს პათოსი 1942  წლის ბერლინის მთავარი ქუჩის  ალექსანდრპლატცის კადრებშიც კარგად ჩანს, როდესაც მობიბინე მოედნის შესახებ კომენტატორი ამაყად  გვატყობინებს, რომ ეს არა უბრალოდ ბალახი, ან ყვავილია, არამედ წითელი ჭარხლის პლანტაციაა. საოცარი სიმშვიდე სუფევს ამ კადრებში და არავითარი მინიშნება ომზე, იდეალური სურათი აყვავებული ალუბლების ფონზე იხატებოდა. თუმცა, ამ მოჩვენებითი  გარეგნული ჰარმონიის მიღმა ეთერში  მთავარი იდეოლოგიური მიმართულებაც იჩენს თავს. ცინიზმით შეფერილი ღია პროპაგანდა გერმანელი ერის აუცილებელ, რასობრივ აღზრდაზე იყო ორიენტირებული. არიული გარეგნობის ტელეწამყვანი თეთრ პერანგში, ფრაკითა და ბაფთით ყელზე ტელემაყურებელს მიმართავს: „მაშ ასე, დავუბრუნდეთ მუსიკას! მე მიხარია, რომ დღეს ასე ჰარმონიულია ყველაფერი, თუმცა სევდის მცირე ელფერი მაინც დაჰკრავს, ალბათ იმიტომ, რომ ვიღაცეებს სხვების დაკრულზე სურთ მარშირება. მაგრამ, რატომ უნდა ვილაპარაკოთ მათზე, ე.წ. მუსიკოსებზე, ვინც საზღვარგარეთულ გამოცდილებაზე აკეთებენ აქცენტს, მათ სპეციალურ ბანაკებში უშვებენ განათლების მისაღებად და იქ მღერიან საკვებისათვის და იმღერებენ მანამ, სანამ ფირფიტას არ შეცვლიან".[7]

ტელევიზია ორიენტირებული იყო ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა პირდაპირ ეთერში გადაეცა, რეალისტური რეპორტაჟები უმთავრეს მოვლენებზე კომენტარის თანხლებით მიმდინარეობდა. თავდაპირველად, მხოლოდ ერთი კამერით  მუშაობდნენ, 1938 წლისათვის კი უკვე  სამი კამერა გაჩნდა. 1936 წლის ნაციონალ-სოციალისტების ყრილობა პომპეზურ სანახაობად  იქცა. ბელადის მოედანზე გამოჩენა და მისი მსვლელობა პრაქტიკულად მონტაჟური ჩარევის გარეშე ერთ მთლიან კადრად იქნა ნაჩვენები და ეს იყო პირველი მცდელობა ტელევიზიის ისტორიაში, როდესაც მოძრავი კამერით უწყვეტ რეჟიმში, რამოდენიმე წუთიანი რეპორტაჟი შეიქმნა. აღლუმებისა და მარშირებების დემონსტრირება მნიშვნელოვანი შემადგენელი იყო სატელევიზიო ამბების და არც ეს იყო შემთხვევითი, როგორც ფიურერი აცხადებდა „მასობრივი შეკრებები აუცილებელია, რათა თითოეულმა იგრძნოს, რომ ის, ყოვლისმომცველი კორპორაციის წევრია და მებრძოლი. ამგვარ თავყრილობაზე მისულს რაც არ უნდა ეჭვები ჰქონდეს  სამ-ოთხათასიანი შთაგონებული ადამიანის შეძახილის გუგუნის გავლენის ქვეშ მოექცევა. შემდეგ კი თავყრილობას მომატებული თავდაჯერებულობით დატოვებს: ვინაიდან ისიც, ამ საზოგადოების წევრი გახდება და უნდათ თუ არა, თითოეული ხდება მასა. ინტელექტუალებიც და ბურჟუაც, ისევე კარგები არიან როგორც მშრომელები, მათ ერთმანეთში ვურევ და ვესაუბრები როგორც მასას."[8]

ომის დაწყებასთან ერთად გერმანული ტელევიზიის  პროგრამა გარკვეულწილად მკაცრდება, თუმცა, გართობა კვლავ მნიშვნელოვან შემადგენელად რჩება.  თითოეული რეპორტაჟი, მუსიკალური გადაცემა, სატელევიზიო სპექტაკლი, თუ საინფორმაციო გამოშვება, ყველაფერი ერთ მიზანს ემსახურებოდა და ეს მიზანი დეკლარირებული იყო შიდა მოხმარებისათვის, ახალი გერმანული საზოგადოების ფორმირებისათვის. ქვეყანა ზრუნავდა ტექნოლოგიების განვითარებაზე და ადამიანსაც  ტექნოლოგიად განიხილავდა, რომელიც მასობრივი წარმოების გზით სასურველ პროდუქტად უნდა ქცეულიყო. „პროპაგანდა ხელოვნებაა და მისი შესწავლა გარკვეულ ნიშნულამდეა შესაძლებელი, ისევე როგორც ვიოლინოზე დაკვრა, ხოლო შემდეგ ყველაფერი ნიჭის საქმეა"[9] - აცხადებდა გებელსი. სწორედ, ამ ნიჭის წყალობით მათ მოახერხეს გაზის კამერებისათვის განწირული მილიონობით უდანაშაულო ადამიანის უკანასკნელი ამოძახილი კეთილდღეობისა და ჰარმონიის ვირტუალური სურათის დემონსტრირებით გადაეფარათ.

მასობრიობა და სანახაობრიობა  მასირებული პროპაგანდისთვის  უმნიშვნელოვანეს კატეგორიებად იქცა. გართობამ გადაფარა მნიშვნელოვანი მოვლენების ეკრანული გაშუქების სურვილი და ტელევიზიის შესახებ შექმნილი წარმოდგენა, იმ საერთო იდეოლოგიურ კონტექსტში  ჩაეწერა, რომელშიც ნაცისტური გერმანიის პირობებში უნიფიცირებული სხვა საკომუნიკაციო საშუალებები  უკვე არსებობდნენ.

რეგულარული მაუწყებლობისაკენ გადადგმული პირველი ნაბიჯები, კოლექტიური ყურებისათვის შექმნილი ტელეოთახები, პირველი პროფესიონალი ტელეინჟინერები, ოპერატორები, დიქტორები და რედაქტორები, პირველი ახალი ამბები, ფილმები ტელევიზიისთვის, სატელევიზიო დადგმები, საბავშვო გადაცემები, სპორტული რეპორტაჟის დაბადება, საესტრადო პროგრამები, თოქ-შოუს პირველი მცდელობები, პირველი კრიმინალური პროგრამები და გადაცემები ქალბატონებისათვის - ყველაფერი ეს გერმანული ტელევიზიის არსებობის პირველ ათწლეულს უკავშირდება და ამასთან წარმოადგენს თანამედროვე მსოფლიო სატელევიზიო პრაქტიკის ძირითად შემადგენელს.

„ძვირფასო ტელემაყურებლებო! ჩვენ გჩუქნით კარგ განწყობას, ჩვენ გჩუქნით სიხარულს" - ამგვარი იყო ფაშიზმის პირობებში აღმოცენებული ტელევიზიის დევიზი.

 Heil Hitler!" - ასე იწყებდა მაუწყებლობას ტელევიზია და ასევე ემშვიდობებოდა ერთგულ მაყურებელს 1936 წლიდან 1945 წლამდე.

რაც უფრო უხეშია ტყუილი, მით უფრო სწრაფად ვრცელდება ის და როგორც პროპაგანდის მინისტრი იტყოდა: „უნდა მოიტყუო მხოლოდ მაშინ, როდესაც დარწმუნებული ხარ, რომ არ დაგიჭერენ, ან დაგიჭერენ, ოღონდ ძალიან გვიან!"[10]

 
კატეგორია: N1(12)-2017 | დაამატა: defaultNick (25.04.2017)
ნანახია: 2289
სექციის კატეგორიები
მედიაკრიტიკა [4] N1-2014 [1] N2-2014 [1] N3-2014 [1]
N4-2014 [1] N1(5)-2015 [1] N2(6)-2015 [1] N3(7)-2015 [1]
N4(8)-2015 [1] N1(9)-2016 [1] N2(10)-2016 [1] N3(11)-2016 [1]
N1(12)-2017 [1] N2(13)-2017 [1] N3(14)-2017 [1] N1(15)-2018 [0]
N2(16)-2018 [1] N1(17)-2019 [1] N1(18)-2020 [1] N2(19)-2020 [0]
სტუდენტური გვერდი [4]
შესვლის ფორმა
ძებნა
სტატისტიკა

საავტორო უფლებები დაცულია
Copyright MyCorp © 2024 |