შაბათი, 20.04.2024, 12.18.31
მოგესალმები სტუმარი

მედიაკრიტიკა

                                                                  სამეცნიერო   ჟურნალი

სტატიების კატალოგი

მთავარი » სტატიები » მედიაკრიტიკა

ახალ ქართულ კინომდე

ქართული კინოს ფენომენიდან - ახალ ქართულ კინომდე

 

"ყოფილი საბჭოთა ქვეყანა ახლა კინემატოგრაფის ცხელი წერტილია”, "ახალი ქართული კინო”, "ახალი ტალღა ქართულ კინოში”, "წლის აღმოჩენა”, "ბოლო წლების ყველაზე ინტელექტუალური ფილმი” - ეს ის ეპითეტებია, რომლითაც ბოლო წლებში შექმნილ ქართულ ფილმებს მოიხსენიებენ ავტორიტეტული უცხოური გამოცემები: Variety, The Independent, Financial Times, The Hollywood Reporter, Screen Daily, The New York Times .......

"ახალი ქართული ტალღა” 21- საუკუნის ქართული კინოინდუსტრიის პირველი ათწლეულის რეალობაში დაიბადა და მას წინ მე-20 საუკუნის ბოლო ათწლეულში, ქვეყნის ისტორიაში განვითარებული ურთულესი პოლიტიკურ-ეკონომიკური, სოციალური კატაკლიზმები და კულტურის სფეროს სრული სტაგნაცია უძღოდა წინ. როდესაც ტერიტორიული მთლიანობისთვის რუსეთთან საომარ ვითარებაში მყოფი და დამარცხებული, სამოქალაქო დაპირისპირების ქარცეცხლში გახვეული და აქაც დამარცხებული ქვეყნის მოქალაქის (ვინაიდან ამგვარ ომში გამარჯვებული მხარე არ არსებობს) ერთადერთ საზრუნავს ფიზიკური გადარჩენისთვის ყოველდღიური ბძოლა წარმოადგენდა, რთულია კინოხელოვნების სახელმწიფოებრივ მხარდაჭერაზე ეფიქრა მავანს... გასული საუკუნის 1991 წლიდან - 2016 წლამდე დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის 25 წლიანი ისტორია, შესაძლოა ზოგადად ქვეყნის ისტორიისთვის ერთი თვალის დახამხამებაც არ იყოს, თუმცა ისტორიული დროის სწორედ ეს მცირე მონაკვეთი, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, გარდამტეხი და მისი მომავლის განმსაზღვრელი აღმოჩნდა, გამონაკლისი ვერც კულტურა იქნებოდა, მით უფრო კინემატოგრაფი, რომელსაც ფილმწარმოებისთვის რესურსის მოსაძიებლად, მისთვის უჩვეულო გზებისთვის უნდა მიემართა. საბჭოური რეჟიმის, მკაცრი ცენზურის პირობებში ქართულმა კინომ მოახერხა ეროვნული თვითმყოფადობის განმსაზღვრელი, ზოგადამიანური ფასეულობებით და ზნეობრივი კატეგორიებით ეხელმძღვანელა, სტილურად, თემატურად, თუ ჟანრულად მრავალფეროვანი კინოპალიტრა შეექმნა და განსაკუთრებული ადგილიც მოეპოვებინა საბჭოთა კინოინდუსტრიაში, მეორეს მხრივ მას ნაკლებ აღელვებდა, რამდენად წარმატებული იქნებოდა კომერციულად მისი შექმნილი პროდუქტი, ვინაიდან მოკავშირე რესპუბლიკებს კინოწარმოების გეგმით გათვალისწინებული სუბსიდირება მაინც გარანტირებული ჰქონდათ. თუ ქართული კინოინდუსტრიის გამოცდილება აქამდე, მხოლოდ სახელმწიფოსგან მიღებული სუბსიდიით შემოიფარგლებოდა, დამოუკიდებლობის პირობებში მას საკუთარ თავზე თავადვე უნდა ეზრუნა. რასაც მსოფლიო კინოინდუსტრიაში ციფრული ტექნოლოგიების შემოსვლით განპირობებული, ფილმის წარმოების ახალ, განსხვავებულ ეტაპზე გადასვლის სირთულეც ემატებოდა. ახალი ტექნოლოგიები თავისთავად განსაზღვრავდა პროფილური კადრების არსებობის აუცილებლობას. დღის წესრიგში დადგა ტექნიკური გადაიარაღების პრობლემა და არა მხოლოდ წარმოებაში, არამედ გაქირავების ქსელშიც. კინოდარბაზები გადაიარაღებას და მოდერნიზებას საჭიროებდა, საერთაშორისო ბაზრის სტანდარტებთან მიახლოებას.... 1991 წლამდე წარმოებული ფილმების ორიგინალი, საწყისი მასალები კი რუსეთის, როგორც საბჭოთა კინოხელოვნების სამართალმემკვიდრის საკუთრებაში გადავიდა და სამუზეიმო ექსპონატის სტატუსიც მიენიჭა. ხოლო საქართველოში დარჩენილი ქართული ფილმების ასლები, როგორც სუბიექტური (ზოგი ხანძრით, ზოგი კი ადამიანური დაუდევრობიით ნადგურდებოდა), ასევე ობიექტური (არ არსებობდა და დღემდე არ არსებობს ფილმსაცავი, მემკვიდრეობა სახელმწიფო დაფინანსებისა და სამართლებრივი რეგულირების გარეშე იყო დარჩენილი) გარემოებების გამო გამოსაყენებლად გამოუსადეგარი აღმოჩნდა. ამდენად, პრობლემათა მთელი ჯაჭვი არა მხოლოდ ახალ დროებაში გადასული ქართული კინოს თანმდევი იყო, არამედ ისიც, კი რაც უკვე შექმნილი იყო, მისი დაცვის, შენახვისა და გამოყენებისთვის ახალი სამართლებრივი მექანიზმების შემუშავებას საჭიროებდა.

 

დამოუკიდებლობის პირობებში შექმნილი ქართული კინოს განვითარების ბოლო 25 წლიან ისტორიაში პირობითად 2 ეტაპი შესაძლოა გამოვყოთ: გარდამავალი 1991-2000 წლამდე და 2000-დან დღემდე. თუ, პირველი ეტაპის ქართული კინო თვითგადარჩენის, შემოქმედებითი და ეკონომიკური კრიზისის დაძლევის გზების ძიებაში იყო, 21- საუკუნის დასაწყისი გარდამტეხი აღმოჩნდა მისი შემდგომი განვითარებისთვის. მიუხედავად ამისა თუ სტატისტიკას მოვიშველიებთ 1991-დან 2000 წლამდე ქართულ კინოში 200-ზე მეტი მხატვრული, დოკუმენტური, ანიმაციური ფილმი შეიქმნა და ფილმწარმოებაში დამოუკიდებელი, კომერციული სტუდიების გაჩენის ახალი ტენდენციაც გამოიკვეთა. თუმცა ეს მხოლოდ სტატისტიკაა და სხვა საკითხია 90-იან წლებში შექმნილი ფილმების მხატვრული ღირებულება და ქართული კინოს ისტორიაში მათი ადგილის განსაზღვრა. მეორე ეტაპი 2000 წლიდან იწყება, როდესაცეროვნული კინემატოგრაფის სახელმწიფო მხარდაჭერის" შესახებ საქართველოს კანონის მიღებით კინემატოგრაფი კვლავ დაბრუნდა სახელმწიფოებრივი ზრუნვის ველში, მაგრამ განსხვავებული პირობებით, სადაც მთავარი აქცენტი საბჭოური ფილმწარმოებიდან ევროპულ მოდელზე გადასასვლელად შესაბამისი პრინციპების შემუშავებაზე იყო გადატანილი. წამყვან ევროპულ სახელმწიფოებში უკვე კარგად აპრობირებულ და წარმატებულ გამოცდილებასთან ზიარება ახალი გამოწვევების წინაშე აყენებდა ქართულ კინოს.

2000 წელს მიღებული კანონი, რომელიც კინოს სახელმწიფო მხარდაჭერის სამართლებრივ მექანიზმებს განსაზღვრავს, ეროვნული ფილმის სტატუსს, მისი წარმოებისა და გაქირავების დაფინანსების საკანონმდებლო საფუძვლებს, კინოს სფეროში მოქმედი კომპეტენტური დაწესებულების სამართლებრივ მდგომარეობას, კინოს სახელმწიფო დაფინანსების წესსა და პირობებსაც ადგენს. სწორედ ამ კანონის საფუძველზე განისაზღვრა კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ჩამოყალიბებაც, რაც ქართული ფილმწარმოების ახალ ეტაპზე გადასვლას და მისი სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის უზრუნველყოფას ნიშნავდა. მსოფლიო კინოინდუსტრიაში პირობითად 3 ერთმანეთისგან განსხვავებული მოდელის გამოყოფაა შესაძლებელი - საბჭოთა ცენტრალიზებული, ევროპული და ამერიკული. როგორც საბჭოურში, ასევე ევროპულ და ამერიკულ მოდელებში სახელმწიფოს მნიშვნელოვანი როლი აკისრია, თუმცა განსხვავებულია მათი ძირითადი ამოცანები და სექტორის დაფინანსების გზები. ევროპული კინოინდუსტრიის მოდელისათვის ეროვნული ფილმი სახელმწიფოებრივი პოლიტიკის ნაწილია და ჰოლივუდური პროდუქციის მძლავრი ექსპანსიის პირობებში კინოინდუსტრიის განვითარების საფუძველს მისი სახელმწიფოს მხრიდან ეფექტური მხარდაჭერის მექანიზმების შემუშავება წარმოადგენს. სამივე მოდელში განსხვავებულ, შეღავათიან საგადასახადო სისტემებს ვხვდებით, ისევე როგორც სახელმწიფოს პირდაპირი ფინანსური მონაწილეობის, ასევე არაპირდაპირი (მარეგულირებლის, ზედამხედველის ფუნქციით) მონაწილეობის სტრატეგიას. ფაქტი უდავოა, რომ ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც მიზნად ისახავს განვითარებული კინოინდუსტრია გააჩნდეს, ისტორიული განვითარების განსხვავებულ ეტაპზე ქმნიდა და ქმნის სახელმწიფოებრივი ხელშეწყობის საკუთარ სტრატეგიას, რომელიც როგორც საკანონმდებლო ინიციატივების განხორციელებას, ასევე კერძო კაპიტალის მოსაზიდად ხელსაყრელი პირობების შექმნისთვის ზრუნვას გულისხმობს.

კატეგორია: მედიაკრიტიკა | დაამატა: defaultNick (15.02.2019)
ნანახია: 344
სექციის კატეგორიები
მედიაკრიტიკა [4] N1-2014 [1] N2-2014 [1] N3-2014 [1]
N4-2014 [1] N1(5)-2015 [1] N2(6)-2015 [1] N3(7)-2015 [1]
N4(8)-2015 [1] N1(9)-2016 [1] N2(10)-2016 [1] N3(11)-2016 [1]
N1(12)-2017 [1] N2(13)-2017 [1] N3(14)-2017 [1] N1(15)-2018 [0]
N2(16)-2018 [1] N1(17)-2019 [1] N1(18)-2020 [1] N2(19)-2020 [0]
სტუდენტური გვერდი [4]
შესვლის ფორმა
ძებნა
სტატისტიკა

საავტორო უფლებები დაცულია
Copyright MyCorp © 2024 |